ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

78. იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი სდის და წყლისა პირსა კლდენია; ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა ჰრბის ცხენია; იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.

79. ერთმანერთსა, “თუ მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს, ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ სდგებოდეს; მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს, უბრძანა: “სთქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს”.

80. მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით: მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით, აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, ვერად ვერ მოგეხმარებით; მისგან ნაკრავი გვინახავნ მხეცნი ვერ წაღმა წარებით,

81. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია, მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია, არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია, თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია”.

82. მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა, უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა. აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა, სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.

83. იგი ორნივე საგრილად გარდაჰხდეს ძირთა ხეთასა; ლაშქართა შეჰქმნეს მოდენა, მოსდგეს უფროსნი მზეთასა; ახლოს უდგს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა; თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ხევთასა.

II ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის-ტყაოსნისა

84. ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა, შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა, ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა, ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

85. მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა. ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა. ხელთა ნაჭერი მათრახი ჰქონდა უმსხოსი მკლავისა. ჰნახეს და ნახვა მოუნდათ უცხოსა სანახავისა.

86. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად, თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად; მუნვე ჰსწვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად; ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

87. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა, დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა, მოახსენა: “გიბრძანებსო”, ახლოს მისდგა, დაუწყნარდა; იგი სტირს და არა ესმის, მისგან გაუუმეცარდა.

88. მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი, მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი, უცხოდ რამე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი; ცრემლსა სისხლი ერეოდა – გასდის, ვითა ნაგუბარი.

89. სხვაგან ჰქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან! ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლავ ჰკადრა მონამან. არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან, არცა გახლიჩნა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.

90. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა; როსტანს ჰკადრა; “შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა; თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა; ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნდა”.

91. მეფე გაჰკვირდა, გაცაწყრა, გული უძს მისთვის მწყრომარე; გაჰგზავნა მონა თორმეტი, მისი წინაშე მდგომარე, უბრძანა: “ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე, მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე”.

92. მონანი მისდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია; მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა, სტირს მეტად გულ-მდუღარია, თვალნი მოარნა ყოველგან, ჰნახა ლაშქართა ჯარია, ერთხელ ესე სთქვა: “ვა მეო!” სხვად არას მოუბარია

93. თვალთა ხელნი უკუ-ივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა, ხმალ-კაპარჭნი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა, ცხენსა შესჯდა, –მონათამცა საუბარნი რად იყურნა! – სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირნი არ განჰკურნა.

94. მონათა ხელი გაჰმართეს მის ყმისა შესაპყრობელად; მან, გლახ, იგინი დაჰხადნა მტერთაცა საწყალობელად, ჰკრა ერთმანერთსა, დაჰხოცნა თავის ხელ-აღუპყრობელად, ზოგსა გადაჰკრის მათრახი, მკრდამდის გასაპობელად.

95. მეფე გასწყრა, გაგულისდა, მონანიცა შეუზახნა. მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ჰნახნა; რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა, კაცი კაცსა შემოსტყორცნა, – როსტან ამად ივაგლახნა.

96. შესხდენ მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად; იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად; ტაიჭი მიუგს მერანსა, მიეფინების მზე ველად; შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.