ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

58. სთქვეს: “თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა, თვარე აქა სამძიმარი მათი ყოლე არა ქმნილა”. ავთანდილ სთქვა: “სოგრატ, ვკითხოთ, გვითხრას, რაცა შეგვეცილა, ვკადროთ რამე სალაღობო, რასათვისცა გაგვაწბილა!”

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა, წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა ვეზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

60. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო! მართალ ხარ, წაჰხდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო: ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო. ყოლამცა მეფედ ნუ დაჰსვი, თავსა რად უგდე ჭირიო!”

61. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა, გაუკვირდა, ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა. კარგა ჰქმენო, დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა; „ჩემი ზრახვა სიძუნწისა, სტყუის, ვინცა დაიყბედნა.

62. ეგე არ მიმძიმს, ვეზირო, ესეა რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.

63. ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა: ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა, ანუმცა გვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ, ჩემგანვე განაზრდობითა”.

64. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?”

65. კვლავ უბრძანა: “თავსა ჩემსა რას იცინი, რა დამგმეო?” ყმამან ჰკადრა: “მოგახსენებ და ფირმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო, არ გამხადო კადნიერი, არ ამიკლო ამაზეო”.

66. უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!” ჰფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყვის, დავიწყო კადრება საუბარისა: „ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.

67. მიწამცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ, მოწმად თქვენნივე ყმანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო!? –ცუდიღა უკუთქმანია, გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია”!

68. “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა, ჰბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა“! მერმე გამოჰჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა”!

69. ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდასწყვტეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგა ჰზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს”.

70. კვლავ ჰბრძანა: „მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად; თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად; – ერთია შენი შერმადინ, არს მათდა დასადარებლად, – ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად“.

71. მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დასცევით ჯოგი მრავალი, თავნი ამისთვის არენით”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”. გაჰყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით.

72. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი, პირს ოქროს რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

73. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს; მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს; ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან ჰსრვიდეს.

74. უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა”. დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

75. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწდომელი, ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხტომელი; მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, – ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

76. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს; მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს; რა ისარნი დაელივნეს, მონანი ყე მოართმიდეს; მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

77. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დაჰხოცეს და ამოსწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს; ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”.