ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

38. მაგას ნუ ჰბრძანებ, მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭნობია, თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია; ჰხმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია, ჰსჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.

39. თუმცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღვთისა დანაბადია; არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლავ დია; შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია. ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.

40. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა, საროსა მჯობი ნაზარდი, მზგავსი მზისა და მთვარისა, ჯერ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა; მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა.

41. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; რა მოჰშორდის, ვერ მჭვრეტელმან ვარდი შეჰქმნის ფერ-ნაკლულად; ნახის, ცეცხლნი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად. საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულმოკლულად!

42. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა, ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქალისა; თქვა: “ზედაზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, ნუ თუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა”

43. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან: “თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან: მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან! მოდით და ჰნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან”.

44. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი გამრავლდეს ხასისა. ავთანდილ პირ-მზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა, ვეზირი სოგრატ – მოახლე მეფისა დასთა დასისა. მათ რომე დასდგეს საჯდომი, სთქვეს: – “უთქმელია ფასისა!”

45. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა, დაჰსვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა, მისცა სკიპტრა და შეჰმოსა მეფეთა სამოსელითა. ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა.

46. უკუ დგეს და თაყვანი სცეს მეფემა და მისთა სპათა, დაჰლოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა, ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა; ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო ფრთათა.

47. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა. ამად სტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა. მეფე სწვრთნის: “მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა, ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა”.

48. უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი: დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი. აქათგან ესე სამეფო მართ შენია მონდობილი, ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი.

49. ვარდთა და ნეხვთა ვინადგან მზე სწორედ მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების; უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების. უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

50. მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა რგულია. უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია. სმა-ჭამა– დიდად შესარგი, დება რა სავარგულია? რასაცა გასცემ, შენია, რაც არა, – დაკარგულია!”

51. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა; ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთნასა არ მოიწყინებდა; მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა; თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

52. მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი, უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი, მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი”. მოართვეს; გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

53. მას დღეს გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა, რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. მერმე ბრძანა: “ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა, ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა”.

54. უბრძანა: “წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია! ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია”! მოიღეს; გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია. ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.

55. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა, მას ტაიჭსა არაბულსა, ქვენაბამსა, ნასუქალსა, რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა; არ დაარჩენს ცარიელსა არც ყმასა და არცა ქალსა.

56. დღე ერთ გარდაჰხდა; პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა, ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა; მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა. “ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო?” შეჰქმნეს ამისი ცილობა.

57. თავსა ჰზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია; ვეზირი, ბერი სოგრატი, თვით მასთანავე მჯდომია, თქვეს თუ: “რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?”