ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

215. წინა-უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი; არსადა ხანი არ დაჰყვეს, ერთი თვალისა წამენი, მათ თვალთა ცრემლნი სდიოდა, მინდორთა მოსალამენი.

216. დღისით ვლეს და საღამო-ჟამს გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რავდენი, ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

217. მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და კლდენია; ავთანდილ ცხენსა გარდაჰხდა, მოჰნახა დიდნი ხენია, მას ზედა ჭვრეტად გავიდა, – ძირსა დააბა ცხენია – მუნით უჭვრეტდა, იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

218. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა, ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა; იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

219. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა; ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა, იზახდიან, მოსთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა. ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

220. სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა, ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა, მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა; შინა შევიდეს, მას დღესა გარდაჰხდა გამოსრულობა.

221. ავთანდილს უკვირს, – ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა? გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა; შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა, შეჰკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

222. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა. ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შესჯდა, ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.

223. ავთანდილ ახლოს კვლა ჰნახა სახე მისივე კაცისა, ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, “ნუთუ მზეაო,” თქვა, ცისა?” ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა; ასრე უჩს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

224. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეიარა; შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა; ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა; სთქვა თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

225. აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო? ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო; ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო, მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მასა დავასობინო”.

226. ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული, ზედა შესჯდა, გაემართა, ქვაბი დახვდა კარ-განხმული. მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული; ეგონა თუ, დაბრუნდაო პირი-ვარდი, ბროლ-ბაკმული.

227. ვერ იცნა, სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა; ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა. ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა; ხმას სცემდა კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.

228. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე, მი და მო ჰკრთებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა; ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

229. ეტყოდა: “ჰსულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი, უფერო ქმნილი მინახვან ვარდნი და ისი იანი; მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი, სხვად არას გიზამ, ნუგეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი”.

230. ქალი ეტყოდა ტირილით: – სარჩელი უგავს ბჭობასა – “თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა – აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა; ცუდად ნუ სცდები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა”.

231. კვლა ეტყვის: “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა? მაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა; შენ ერთხელ იტყვი: “მითხარო”, მე ასჯერ გითხრობ: “ვერასა”. ვითა სიცილი ტირილსა, მიჯობს ვაგლახი მღერასა”.

232. ქალო, არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენია! ოდიდგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენია; შენ მიპოვნიხარ! სიტყვანი ჩემი რაზომცა გწყენია, ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენია”.

233. ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარო, ანუ შენო! მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო; გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო: ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ჰქმენო!”

234. კვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა, მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა, პირსა ზედან გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა, ადგა, თმითა წამოჰზიდნა, ყელსა დანა დააბჯინა.