... (Q-1369), 1823 წ.

139. შესთვალა გკადრებ მეფეო მე ესე გამიგონია დარბაზს ეჯიბი შეგზავნა მართ მისგან შენარონია ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია

140. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ჴელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო მორჩილქმნილი გავახარო ურჩი ყოვლი ავატირო ძღვენნი გკადრნე ზედას ზედა არ სალამი დავაძვირო

141. მეფესა ეთქუა ამისი დიადი მადრიელობა ებრძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა წა მაგრა მამხვდეს რაღა ვჰქმნა თუ სიშორისა გრძელობა

142. ყმა შევიდა თაყვანის სცა მადლი რამე მოახსენა ჴელმწიფეო მიკვირს ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა აწ ნუთუ კულავ სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კულავ მიჩვენა

143. მეფე ყელსა მოეკიდა გარდაჰკოცნა ვითა შვილი სხუა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა მას დღე მათი ჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირა გონიერი გული ლბილი

144. გამოემართა ავთანდილ მოყმე მხნე ლაღად მავალი ოც დღე იარა ღამესა დღეზედა წართო მრავალი იგია ლხინი სოფლისა იგია ნივთი და ვალი არ მისცილდები თინათინ მისი მას ვისგან სწვავ ალი

145. რა მოვიდა სიხარული შიგან გაჰხდა სამეფოსა მოეგებნეს დიდებულნი ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა იგი პირმზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა მიხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა

146. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა გარეთ კლდე იყო გიამბობ ზღუდესა უქვითკიროსა ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა

147. ესეა მონა შერმადინ ზემოთცა სახელდებული თანა შეზრდილი ერთ გული და მისთვის თავდადებული მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული აწ გაუცხადა სიტყუანი მის მზისა იმედებული

148. უბრძანა აჰა შერმადინ ამად მე შენგან მრცხვენიან ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან მაგრა არ იცი აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან მე ვისგან მქონდეს პატიჟნი აწ მასვე მოულხენიან

149. მიბრძანა "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა მოხვიდე სრულვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა ქმარი არ მინდა უშენოდ მომხვდეს ხისაცა რგულისა» მომცა წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

150. პირუელ ყმა ვარ წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად ჴამს მეფეთა ერთგულობა ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად მერმე ცეცხლი დაუვსია აღარა მწვავს გულსა მურად ჴამს თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს მიუხდეს მამაცურად

151. ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონყმათასა ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად თავადად ჩემთა ყმათასა ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხუათასა

152. ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი ჰპატრონობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა ცნობდი წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი აქა სადმე არყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი

153. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე აქა სამ წელ მომიცადე ხვაშიადი შემინახე მე ნუთუმცა შემოვბრუნდი ალვა ჩემი არ დაჭნა ხე არ მოვბრუნდე მომიგლოვე მიტირე და მივაგლახე

154. მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია აცნობე ჩემი სიკვდილი იყავ მართ ვითა მთრვალია მიხვდათქო საქმე რომელი ყოვლთათვის გარდუვალია გლახაკთა მიე საჭურჭლე ოქრო ვერცხლი და თვალია

155. მაშინ უფრო მომეჴმარე ამისგანცა უფრო მხედრე ნუთუ ადრე დამივიწყო მახსენებდი ზედაზედრე მეტად კარგად დამიურვე სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონენ გული შენი მოიმდედრე

156. რა მონამან მოისმინა გაუკვირდა შეეზარა თვალთა ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოღვარა მოახსენა უშენომან გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები მაგას გიშლი ამად არა

157. ჩემდა ნაცულად დაგაგდებო ესე სიტყუა ვით მიბრძანე რაგვარა ვჰქნა პატრონობა რამც გიფერე რამც გიგვანე შენ მარტოსა გიგონებდე მემცა მიწა ვიაკვანე სჯობს ორნივე გავიპარნეთ წამოგყვები წამიტანე

158. ყმამან უთხრა მამისმინე მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი არვის მოხუდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე ჴამს ლახვრისა დასაჭრელად