... (Q-1369), 1823 წ.

177. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად თქვის საყვარელო მოგშორდი გული შენ დაგრჩა ა ვისად შენთვის სიკუდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად

178. ყოველი პირი ქვეყანისა მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არ იარა მაგრა იგი მის ამბვისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა ამა შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყა

179. მიხუდა რასმე ქვეყანასა უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა

180. მას მიხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი სდის არად სანდომი ხიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა

181. ზედ წაადგა შეექცევის დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორნიღაა ამად სულთქუამს ამად იშობს ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს კულა ამისთვის გულმოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცვლის თავსა ახლად ვერვინ იშობს

182. საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად თქუა თუ დავბრუნდე ეზომი ხანი რად დავჰყავ მე ველად ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვსცნა ჭორადცა ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

183. თუ არ დავბრუნდე საძებრად დავჰყვნე სხუანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვსცნე ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს მიხვდა ღაწვისა ბანანი მივიდეს ჰკადროს მეფესა საქმენი დასაგვანანი

184. უამბობს ჩემი სიკვდილი თჳთ ჩემგან დავედრებული მათ შექნან გლოვატირილი ჰქნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი სადმე სხუაგან მე რებული ამას იგონებს ტირილით გონებაშეიწრებული

185. იტყვის ღმერთო სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომნი სიარულნი კიდე რად გლახ გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი აღფხვრენ ჭირნი დაუბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათ სოდეს დავიყუდენ

186. კულავცა იტყვის დათმობა სჯობს და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები გული ჩემი ნუ დადნების უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცვლის არსაქმნელი არ იქმნების

187. თავსა უთხრა მოჰკვე გიჯობს სიცოცხლეს აუგიანსა მიხვალ დაგხვდების თინათინ ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის მზისა ანბავი რა გმართებს ვაგლახიანსა იგონებს წამწამ მიჰყვების ტყის პირსა შამბნარწყლიანსა

188. ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან მაგრა საქმე იმ კაცისა ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყვნეს რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს ცუდად ცრემლნი რასა მდიან

189. მთით ჩამოვიდა ავთანდილ გავლო წყალი და ტყენია მინდორს აცორვებს ტაიჭსა შეჟღრენით მონაწყენია გაჰსცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია

190. მობრუნება დააპირა სულთქნა მერმე ივაგლახა თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა მას მინდორსა დაემართა გზა თვალითა გამოსახა მჴეცნი იყვნეს საშინელნი მაგრა არა შეუზახა

191. თუმცა მჴეცქმნილი ავთანდილ გულამოსკვნით და კვნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირი როსტომის მკლავუგრძესითა შამბისა პირსა გარდახდა ცეცხლი დააგზო კვესითა

192. ცხენსა მისცა საძოვარი ვირე მწვადი შეიწოდეს ექუსნი რამე ცხენოსანნი ნახა მისკენ მოვიდოდეს თქუა თუ ჰგვანან მეკობრეთა თვარა კარგი რამც იცოდეს აქა კაცი ხორციელი კულავ ყოფილა არაოდეს

193. ჴელთა ჰქონდა ისარ მშვილდი მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა ძმა მოჰყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი შეებნიდა სისხლსა გული ტიროდეს და იჭირვოდეს ცოტა ედგა მას გლახ სული

194. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ მეკობრეთა დაგამსგავსენ მათ მიუგეს დაგვიწყნარდი გვიშველე რა ცეცხლნი ავსენ ვერა გვარგო მოგვიმატენ ჭირნი ჭირთა მოგვისავსე სატირელნი მოგვიტირენ ღაწუნი შენცა დაიმხავსენ

195. ავთანდილ მიდგა ეუბნა მათ კაცთა გულმდუღარეთა მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დია გვაქვს ციხექალაქი ხათაეთს არემარეთა

196. კარგი გვესმა სანადირო ნადირობას წამოვედით გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი წყლისა პირსა გარდავხედით სანადირო მოგვეწონა თვესა ერთსა არ წავედით ვჰჴოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით