... (Q-1369), 1823 წ.

237. კულავ ეტყვის ყმაო რად მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლევინო ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო

238. ჩემი სიკუდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია მით რომე დამხსნი ტირილსა შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა სიტყუანი მისანდონია

239. ყმამან თქუა თუ არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა სხუასა რასმე მოვიგონებ სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დაჯდა ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა

240. ქალი დაუჯდა კუშტგვარად ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქვე ზის ტირილად აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოჰგუბდა ცრემლისა საგუბარია კულავ იქით ქალი ატირდა მისთვის გულნალმობარია

241. ყმა მტირალი შეებრალა ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა მაგრა უჯდა უცხოს უცხო არ ბაგენი აუბარნა ყმამან ცნა თუ გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა ცრემლდენილი შეეხვეწა ადგა მუხლნი მიუყარნა

242. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასადობლად გაგარისხე დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად ამად რომე შეცოდება შვიდგზის თქმულა შესანდობლად

243. თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება ჰჴამს ესეცა გაიგონე სხუაგნით ყოვლგნით უღონო ვარ არვინ არის ჩემი ღონე სულთა მოგცემ გულისათჳს სხუა მეტიმცა რა გამონე

244. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან მიჯნურობისა ხსენება გულამოხვინჩვით დაიწყო ასკეცად ცრემლთა დინება კულავ გაამაღლა ზახილით ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა გულისა ლხინება

245. იტყვის თუ ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების კულავ უთხრა დაო მიჯნური მტერთაცა შეებრალების ესეცა იცი სიკუდილსა თვით ეძებს არ ეკრძალების

246. ვარ მიჯნური ჴელი ვინმე გაუწყვედლად სულთა დგმისად ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიხვდების მე მისრულვარ სადა მი სად გული თქვენი მიპოვნია მისი შენდა შენი მისად

247. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე მისთვის ხელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ ტყვე მქმენ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მომკალ ჭირი ჭირსა მომიმატე

248. ქალმან უთხრა ყმასა სიტყუა პირველისა უამესი ეგე სიტყუა მოიგონე დია რამე უკეთესი წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი აწ მოყვარე გიპოვნივარ დისაგანცა უფრო დესი

249. მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით თუმცა თავი არ გამონე არ შენ მოგეც თავი ჩემი დაგაბნიე დაგაღონე შენთვის მოვკვდე ამისებრივ მემცა საქმე რა ვიღონე

250. აწ რამცა გითხრა თუ ამა საქმესა დამმორჩილდები რასაცა ეძებ მიხვდები უცილოდ არ ასცილდები თუ არ მომისმენ ვერ ჰპოვებ რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები მოგხვდების მდურვა სოფლისა მოჰკვდები გაცასწბილდები

251. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას ჰგავსო არა სხუასა ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ მიადგა ჩაჰყიოდა ტირს იძახის ვაგლახვასა

252. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მომიცადე წავალ თოკთა მოსახმელად მწადსო თუმცა ამოგზიდე მას ქვეშეთსა გაეცინა გაუკვირდა მეტად კიდე შემოჰყივლა არ გელოდე სად გაგექცე სად წავიდე

253. აწ დაო შენთა ჴელისაა ჩემი საბელი ყელისა სხუად უღონოა უშენოდ ჩემგან აბყრობა ხელისა რასაცა მიზამ შენ იცი შენ ხარ წამალი ლხენისა თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკვრა თავისა მრთელისა

254. ქალმან უთხრა მამეწონა ყმაო შენი ნაუბარი ხარ უცილოდ კარგი ვინმე მოყმე ბრძენთა საქებარი ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მამისმინე გიპოვნია საძებარი

255. ამა მოყმისა ამბავი არსად არა იპოვების თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის არ ვისგან დაიჯერების მოილოდინე მოვიდეს რაზომცა დაგეყოვნების დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოვნების

256. გითხრა თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა მე ასმათ მქვიან რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა სულთქმა სულთქმისა ბევრისა მაშა თუ არ ერთხელისა