... (Q-622), XIX ს.

1539. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით ისმოდის ხმა წინწილისა შეყრით სძეს გორი ოქროთა და ბალახშისა თლილისა მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან სდის მსგავსი მილისა ბინდით ცისკრამდის სმა იყო გარდაჴდა ჟამი დილისა

1540. არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი მოდიოდა მარგალიტი მოფანტული მონაყარი გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი

1541. ხვალისა მეფე არაბთა კვლავ პურობს არ ღაფალია ტარიელს უთხრა შენი მზე საჭურეტლად სატურფალია მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია ხამს ყურსა გვეგდოს საყურლად ჩვენ თქვენი ნატერფალია

1542. აწ მეფეო არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად ქვემოთ დასხნა ავთანდილ და მისი ცოლი მათად სწორად პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან იდვის გორად

1543. არაბთა მეფე მასპინძლობს იქს ოდენ მასპინძლობასა ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ არ იხმობს ჴელმწიფობასა გასცემს და უქებს ყველაი უხობა იეფობასა ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს ჩვეული ვით მეფობასა

1544. მეფესა ქმრითურთ პატივი ქონდა ინდოთა ქალისა სიყვარული და ჩუქება ვით სიძისა და სძალისა რომე სძღვნა არა ეგების თქმა არცა ნაათალისა თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა

1545. კულავ უძღვნა ძღვენი ორთავე მზგავსი მათისა ბედისა ათასი თვალი ნაშობი რომანულისა დედისა კვლავ მარგალიტი ათასი მართ ვითა კვერცხი ბატისა ათასი ცხენი ტაიჭი სიდიდით მსგავსი ქედისა

1546. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ შედგმული ცხრა ტაიჭი ძვირ ფასისა უნაგრითა შეკაზმული ინდოთ მეფე თაყვანისცემს ლაღი ბრძენი არ მახმული მადლი ჰკადრაფხიზელურად თუცა იყო ღვინო სმული

1547. რას ვაგრძელებდე გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი თამაშობდიან არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი მათ ყოვლთა მათნი ელვანი ფარვენ მართ ვითა მზისანი

1548. ტარიელ გვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოელად ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად შესთვალა შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად მტერთა აქვს ჩემი სამეფო ვიცი მუნ შიგან მძოველად

1549. უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან ჴელოვნებამან ვეჭვ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან წავიდე ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან ადრე კვლავ ვნახენ მორჭმულნი ინებოს ღ~თისა ნებამან

1550. როსტევან ჰკადრა მეფეო რად ხართ რასაცა რიდითა რაცა გიჯობდეს იქმოდით გასჭურეტდით გაიცდიდითა ავთანდილ თანა წამოგყუეს წადით ლაშქრითა დიდითა თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით დაცასჭრიდითა

1551. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები მან უთხრა გაე ნუ უბნობ შეცევ ბროლისა ყორები ახალ შეყრილსა მთვარესა მზეო ვით მოეშორები ავთანდილ უთხრა მაგითა შენგან არ მოვიღორები

1552. არ დია გინდა დამაგდო წახვიდე ჩემად მზრახებით ცოლი უყვარსო გასწირა იყო ამისად მსახავად მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მე ვაგლახ ავად კაცსა მოყვრისა გაწირვა ახ მოუხდების ახ ავად

1553. ტარიელს უგავს სიცილი ბროლსა ვარდითა ფრქუევასა უბრძანა ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა რადგან გწადიან წამომყევ დამწამებ ნურას თნევასა ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მისთანა წვევსა

1554. შეყარნა სპანი არაბეთს აღარა ხანსა ზმულია კაცი ოთხმოცი ათასი ყუელაი დაკაზმულია კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველ ჭმულია

1555. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე დობილნი ერთმანერთისა დად ფიცნი სიტყვისა გამონდობილი მკერდითა მკერდსა შეკრულნი ყელისა გარდაჭდობილნი ტიროდეს მათთა მჭურეტელთა გულნიცა ესხნეს წდობილნი

1556. მთვარე ცისკრისა ნიავსა რა თანა შეესწოროსა ორნივე სწორად ნათობენ მოშორდეს მოეშოროსა არა თუ იგი მოშორდეს მართ ცამან მოაშოროსა მათად საჭვრეტლად მჭურეტელმან ხამს თავი იქედგოროსა

1557. მათდავე სახედ რომელსა ესენი დაუბადიან იგივე გაყრის სიშორე არა თუ ნებით სწადიან ვარდსა სწებვენ და აპობენ ტირან და ცრემლნი ჩადიან მათთა გამყრელთა ყველთა სიცოცხლე არ იქადიან

1558. ნესტან დარეჯან თქუა ნეტამც ყოლე არ შემოგცნებოდი მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი ამბავსა სცნევდი მაცნევდი წიგნითა მეუბნებოდი ვითა მე შენთვის დამწვარვარ აგრე შენ ჩემთვის დნებოდი