... (Q-1541), 1712 წ.

1540. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა჻ შეყრით ძეს გორი ოქროსა, და ბალახშისა თლილისა჻ მსმელთათვის წყარო ღვინისა, ასგან დის მსგავსი მილისა჻ ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა჻

1541. არა დარჩა უსაბოძვრო, არ კოჭლი და არ საპყარი჻ მოდიოდა მარგალიტი, მოფანტული მონაყარი჻ გაბედითდა წასაღებლად, ატლასი და ოქრო მყარი჻ სამ დღე იყო ინდოთ მეფე, ავთანდილის ვით მაყარი჻

1542. ხვალისა მეფე არაბთა, კვლა პურობს არ ღაფალია჻ ტარიელს უთხრა შენი მზე, საჭვრეტლად სატურფალია჻ მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა, და ეგე დედოფალია჻ ხამს ყურსა გვეგდოს საყურად, ჩვენ თქვენი ნატერფალია჻

1543. აწ მეფეო არ ეგების, ჩვენი სხდომა თქვენად სწორად჻ სახელმწიფო საჯდომი და, სხვა დაუდგა ტახტი შორად჻ ქვემოდ დასხნა ავთანდილ, და ცოლი მისი მათად სწორად჻ პირველ ძღვენი ტარიასთვის, მოიღიან იდვის გორად჻

1544. არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ არიფობასა჻ ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა჻ გასცემს და უქებს, ყველაი უხვობა იეფობასა჻ ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული თვით მეფობასა჻

1545. მეფესა ქმრითურთ პატივი, ჰქონდა ინდოთა ქალისა჻ სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა჻ რომე სძღვნა არა ეგების, თქმა არცა ნაათალისა჻ თვითო სკიპტრა და პორფირი, და გვირგვინები თვალისა჻

1546. კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა჻ ათასი თვალი ნაშობი, რომანულისა დედისა჻ კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა჻ ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა჻

1547. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი, მარგალიტი თავშედგმული჻ ცხრა ტაიჭი ძვირფასისა, უნაგრითა შეკაზმული჻ ინდოთ მეფე თაყვანის სცემს, ლაღი ბრძენი არ მახმული჻ მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინოს მული჻

1548. რას ვაგრძელებდე გარდახდეს, დღენი ერთისა თვისანი჻ თამაშობდიან არ იყვნეს, ყოლა გაყრანი სმისანი჻ ტარიელს სძღვნიან უცხონი, თვალნი ლალისა ქვისანი჻ მათ ყოვლთა მათნი ელვანი, ჰფარვენ მართ ვითა მზისანი჻

1549. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა, და იყვის ფიფქისა მთოველად჻ ავთანდილ როსტანს წინაშე, გაგზავნა დასათხოველად჻ შესთვალა შენი სიახლე, კმა ჩემად ლხინად ყოველად჻ მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად჻

1550. უცებნი მოსრნის მცოდნელთა, ცოდნამან ხელოვნებამან჻ ვეჭვ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა, ჩემმან რასაცა ვნებამან჻ წავიდე ავი არ მიყოს, მე აქა დაყოვნებამან჻ ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან჻

1551. როსტევან ეთქვა მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა჻ რაცა გიჯობდეს იქმოდით ,გასჭვრეტდით გაიცდიდითა჻ ავთანდილ თანა წამოგყვეს,წადით ლაშქრითა დიდითა჻ თქვენთა მტერთა და ორგულთა, დაჰფრეწდით დაცასჭრიდითა჻

1552. ავთანდილ უთხრა ტარიელს, ესე სიტყვები ორები჻ მან უთხრა გაე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები჻ ახალ შეყრილსა მთვარესა, მზეო ვით მოეშორები჻ ავთანდილ უთხრა მაგითა, შენგან არ მოვიღორები჻

1553. არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად჻ ცოლი უყვარსო გამწირა, იყო ამისად მსახავად჻ მე დავრჩე შენი გაყრილი, თავისა მევაგლახავად჻ კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ მოუხდების ახ ავად჻

1554. ტარიელს უგავს სიცილი, ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა჻ უბრძანა ვიტყვი უშენოდ, შენისა უფრო მე ვასა჻ რათგან გწადიან წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა჻ ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა, ყოვლგნით მის თანა წვევსა჻

1555. შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია჻ კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია჻ კაცსა და ცხენსა ემოსა, აბჯარი ხვარაზმულია჻ არაბთა მეფე მათითა, გაყრითა ნაღველჭმულია჻

1556. ერთმანერთისა გაყრილნი, ქალნი ორნივე დობილნი჻ ერთმანერთისა დადფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი჻ მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელისა გარდაჭდობილნი჻ ტიროდეს მათთა მჭვრეტელთა, გულნიცა ესხნეს წდობილნი჻

1557. მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა, რა თანაშეესწოროსა჻ ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს მოეშოროსა჻ არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა჻ მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს თავი იქედგოროსა჻

1558. მათადვე სახედ რომელსა, ესენი დაუბადიან჻ იგივე გაჰყრის სიშორე, არა თუ ნებით სწადიან჻ ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან჻ მათთა გამყრელთა ყოველთა, სიცოცხლე არ იქადიან჻

1559. ნესტანდარეჯან თქვა ნეტამც, ყოლა არ შემოგმცნებოდი჻ მზისა გამყრელი გაყრითა, აწ ასრე არ დავჭნებოდი჻ ამბავსა სცნევდი მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი჻ ვითა მე შენთვის დამწვარვარ, აგრევ შენ ჩემთვის სდნებოდი჻