... (Q-1541), 1712 წ.

1560. თინათინ უთხრა ჰე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო჻ რადმცა გაგწირე თუ ვითა, გაყრასა მოვითმინებო჻ ღმრთისაგან დღეთა თხოვისა, ნაცვლად სიკვდილი ვინებო჻ აგრემცა მივი რაზომსა, მე ცრემლსა დავიდინებო჻

1561. კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი჻ ქვე დამდგომმან წამავალსა, ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი჻ იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი჻ რომე მწადდეს ვერ დავწერენ, მე სიტყვანი ნაათალნი჻

1562. როსტან მათითა გაყრითა, ხელთაგან უფრო ხელდების჻ ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების჻ ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების჻ ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების თხელდების჻

1563. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს, მეფე ხვევნით და კოცებით჻ იტყვის თუ თქვენი სიახლე, მიჩს აქამდისცა ოცებით჻ რათგან მოგშორდი დავრჩები, პატიჟთა გაასოცებით჻ შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით჻

1564. ტარიელ შეჯდა მეფისა, გამყრელი გამომსალამე჻ სრულად ლაშქართა სდიოდა, ცრემლი მინდორთა სალამე჻ მზე შენ გელისო საომრად, და თავი შენ მას ალამე჻ უბრძანა თქვენთვის მტირალსა, ყოლა რად მიჩნდეს სალა მე჻

1565. გაემართნეს და წავიდეს, დია სპითა და ბარგითა჻ ტარიელ ფრიდონ ავთანდილ, თავითა მეტად კარგითა჻ კაცი ორმოცი ათასი, ჰყვა ცხენებითა ვარგითა჻ მივლენ სამნივე გულითა, ერთმანერთისა მარგითა჻

1566. სამთავე ვლეს ღმერთსა მათებრი, სხვა ნურა ნუ დაბადოსა჻ მოეგებიან მტერობა, ვერავინ დაიქადოსა჻ მინდორსა შიგან სადილად, გარდახდეს უდილადოსა჻ ვითა მართებდა პურობდეს, ღვინოსა სმიდეს არ დოსა჻

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა჻

1567. ტარიელს და ცოლსა მისსა, მიხვდა მათი საწადელი ჻ შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი჻ მათ პატიჟთა დაავიწყებს, ლხინი ესე აწინდელი჻ ყოლა ლხინთა ვერ იამებს, კაცი ჭირთა გარდუხდელი჻

1568. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი, ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს჻ ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს჻ მისცა კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს჻ ესეაო მეფე ჩვენი, იზახდეს და ამას ხმობდეს჻

1569. ავთანდილ და ფრიდონისთვის, ორნი ტახტნი დაამზადნეს჻ ზედა დასხდეს ხელმწიფურად,დიდებანი უდიადნეს჻ ღმერთმან სხვანი ხორციელნი, მათებრნიღა რა დაბადნეს჻ ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს჻

1570. სმა პურობა გახარება, ქმნეს ჯალაბი გაადიდეს჻ ვითარიცა ქორწილობა, ხამს ეგეთსა გარდიხდიდეს჻ მათ ორთავე თავისთავის, ძღვენსა სწორად მიართმიდეს჻ გლახაკთათვის საბოძვარსა, საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს჻

1571. სრულნი ინდონი ავთანდილს, და ფრიდონს მწედ ხადოდიან჻ თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი, მართ ამას მოიტყოდიან჻ ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის მას იქმოდიან჻ სადარბაზობლად ნიადაგ, მათ წინა მოვიდოდიან჻

1572. ინდოთ მეფე უბრძანებდა, ასმათს მისსა შეკვდომილსა჻ რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია, არ გამზრდელსა არცა ზრდილსა჻ აწ ინდოეთს სამეფოსა, მეშვიდესა ერთსა წილსა ჻ ზედა დაგსვამ შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა჻

1573. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა აპატრონე჻ მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე჻ ასმათ ფერხნი გარდუკოცნნა, შენგანაო ჩემი ღონე჻ მონობისა უკეთესი, რამც ვიშოვე რამც ვიქონე჻

1574. ერთგან სამთავე ძმობილთა, დაყვნეს ცოტანი დღენია჻ თამაშობდიან უსახო, მოუდიოდეს ძღვენია჻ რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია჻ მაგრა ავთანდილს სურვილმან, დაღრეჯა დააჩენია჻

1575. ტარიელ ცნა ამა ყმასა, ცოლისათვის მოესურვა჻ უბრძანებდა გული შენი, განაღაცა მომემდურვა჻ აწ ვაგლახ მე ჭირი შენი, გონებამან შვიდით ურვა჻ მოგშორდები საწუთრომან, ლხინი ჩემი დამიშურვა჻

1576. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა, წავიდეო სახლსა ჩემსა჻ ზედაზედა დავსტკებნიდე, დარბაზსა და ამა თემსა჻ სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა჻ შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა჻

1577. მასცა უბოძა ფარმანი, წა სახლი მოიარეო჻ მე ნუ გამწირავ მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო჻ ავთანდილს უთხრა უშენოდ, რამცა ვით გავიხარეო჻ რათგან ისწრაფი ნუ გაგვა, მოგელის ლომსა მთვარეო჻

1578. როსტენისთვის წაატანა, ძღვნად ტურფები ჯუბაჩები჻ კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები არ ჩამჩები჻ ჩემ მაგიერ მიუტანე, წაო ნურას მეურჩები჻ ავთანდილ თქვა არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები჻