ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

1432. “შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, თქუენ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი მგზავსად გმირისად; კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, ნახოთ გაღება კარისად, თუარა სხუა სჯობდეს” თქუენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.

თათბირი ტარიელისა

1433. ტარიელ უთხრა: “მე თქუენი ვსცან გმირთა მეტი გმირობა, თქუენსა ძალ გულსა თქუენივე გავს თათბირობა, პირობა; ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ჴრმალთა ღირობა, კაციმცა მაშინ თქუენ გახლავს, რა ომმან ქნას გაჭირობა.

1434. “მაგრა იყუენით ჩემთჳსცა საქმისა რასმე რჩევითა: ჴმა ესმას ჩემსა ხელ ქნილსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა, თქუენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა! ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყუითა თქუენ სათნევითა.

1435. “მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონაჴსენები: გავიყოთ კაცი ას ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები, სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები; მოგუეგებვიან, ვემცრობით, ჩუენ ჴრმალსა მივსცეთ მძლე ნები."

1436. “ფიცხლად შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგუასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შეუვალთ, სხუა გარეთ ვსცემდეთ გარებსა, მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცეთ სისხლისა ღვარებსა, ჴელი კულა ვჴადოთ აბჯარსა, მას ჩუენგან მძლედ ნაჴმარებსა”.

1437. ფრიდონ უთხრა: “შემიგნია, გამიგია, ვიცი მე რა: მაგა ცხენსა ჩემეულსა წამოასწრებს კართა ვერა; ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გუინდა ქაჯთა მზერა, თუარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა.”

1438. ფრიდონ ლაღი ამხანაგობს საუბნართა ესოდენთა. ამას ზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყუა ბრძენთა, ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, გარდაჴდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

1439. კულა ერთმანერთსა მიუგეს სიტყუები არ პირ მკუახები, დაასკუნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები: გაიყუეს კაცი ას ასი, ყუელაი გმირთა სახები, ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1440. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა; მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა, დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭურეტელნი ჭურეტითა.

1441. ჩემი აწ ესე ნათქუამი მათი სახე და დარია: რა ზედან წვიმდენ ღრუბელნი და მთათა ასტყდეს ღვარია, მოვა და ჴევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1442. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწთომნია, მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია; მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცა ღა ნათლად ჴომნია. აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნეს ფიცხელნი ომნია!

1443. სამთავე სამად გაიყუეს თჳთომან თჳთო კარები; თანა ჰყუა კაცი სამასი, ყუელაი გმირთა დარები. მას ღამით უყუეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები, გათენდა, გაჩნდეს, მიმართეს, თავისთავ ჰქონდა ფარები.

1444. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახუდეს გულ ჴმიერად; გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად, მიდგეს გარეთ, მუზარადი დაიხურეს ჟამიერად.

1445. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრაჴმან შექნა წრიალი. რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გაჴდა ზრიალი, სამთავე სამგნით მიმართეს, თავსა მით უყუეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქნა ბუკთა ტკრციალი.

1446. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა: კრონოს, წყრომით შემხედულმან, მოიშორვა სიტკბო მზისა; მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგულე ცისა, ველნი მკუდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკუდრისა.

1447. კაცსა უკრავად დაბნედდის ჴმა ტარიელის ჴაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდეს სიმაგრე ჯავშან ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახეს კაფისა, რა ქალაქს შეჰჴდეს, შეიქნა სიმხარკე ციხეს სწრაფისა.

1448. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყუიდნეს, სისხლნი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს, თქუეს: “ტარიელ რა იქნაო?” მისად ჭურეტად თუალნი არნეს.

1449. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა. ციხესა კარსა მიმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა; მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ჴრმალთა წვერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო, მგზავსი მტვერისა.

1450. ციხისა მცველი ყუელაი იდვა მართ ვითა სნეული, თავით ფერჴამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი გახმულნი, კართა ნალეწი სრეული; ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: “საქმე არს მისეული”.