ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

1337. “მზე უშენოდ ვერ იქნების, რათგან შენ ხარ მისი წილი, გაღანამცა მას იახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი! მუნა გნახო, მანდვე გსახო, გამინათლო გული ჩრდილი, თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკუდილიმცა მქონდა ტკბილი.

1338. “მე სიკუდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა, მაგრა შენი სიყუარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა; მამეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა; ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყუარულსა!

1339. “წადი, ინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ჴელაუპყრობელსა, გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა, მომიგონებდი მტირალსა, შენთჳს ცრემლ შეუშრობელსა!

1340. “რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად; ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად; შენთჳს მოვკუდები, გავჴდები ყორანთა დასახივარად, ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

1341. “აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა! გარდმიკუეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა, რისხვით მობრუნდა ჩუენზედა ბორბალი ცისა შვიდისა."

1342. ესე წიგნი, საყუარელსა მისსა თანა მინაწერი, რა დაწერა, გარდაჰკუეთა მათ რიდეთა ერთი წვერი. თავ მოჴდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი. ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.

1343. იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი, წამ ერთ მოჰჴდა ფატმანისას, დღე იარა არ მრავალი. რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი, ჴელ აპყრობით ღმერთსა მადლობს ცნობა სრული, არა მთურალი.

1344. ფატმანს უთხრა: “გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი, დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუჴდელი, წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოვიდა შარშანდელი, ფიცხლავ ქაჯეთს მოვიყუანო მათი მომსპელ ამწყუედელი”.

1345. ხათუნმან უთხრა: “ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების; მოეშორვების ნათელსა, გული ამისთჳს ბნელდების; ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების, თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების”.

1346. ყმამან ფრიდონის მონანი უჴმნა, მას თანა ხლებულნი; უბრძანა: “მკუდარნი აქამდის, აწყა ვართ დაცოცხლებულნი, რაცა გუინდოდა, მისითა სმენითა გახარებულნი, ჩუენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი!

1347. “მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ ნაცქაფავი; მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი. მან გააჴაფოს ჴმა ჴაფი, კულა უფრო გასაჴაფავი, თქუენ მოგცე ლარი ყუელაი მე, ჩემი ნაალაფავი.

1348. “ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქუენგან დანადები; მადლსა სხუაებრ გარდავიჴდი, თუღა ფრიდონს შევეყრები; აწ წაიღეთ ყუელაკაი, მეკობრეთა წანაღები, ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები.

1349. “სახლი არ მახლავს, არ ძალ მაქუს გაცემა საბოძვარისა” მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა, უბრძანა: “წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა, ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმად ნაფიცარისა”.

წიგნი ავთანდილისა ფრიდონს თანა

1350. დაწერა: –“ფრიდონ მაღალო, სვე სრულო მეფეთ მეფეო, ლომისა მგზავსო ძალ გულად, მზეო შუქ მოიეფეო, მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო, უმცროსმან ძმამან შორი შორ სალამი დავიყეფეო!

1351. ჭირნი ვნახე და მოცამხუდა ნაცვალი ჭირნახულისა, კარგა მამოჴდა საქმისა ჩემისა გაზრახულისა; მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა, დამარჩენელი ლომისა მის, ქუესკნელს დამარხულისა”.

1352. “იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია. მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუმცა გზა საომარია. ნარგისთა წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია, ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლავს, მაგრა სპა უამარია.

1353. გულ მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების, სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების; რაცა მოგინდეს, უცილოდ იქთ, იგი არ აგცილდების, არ თურე კაცმან დაგიდგნას, ვეჭუ, კლდეცა გაგიცვილდების.

1354. “აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთჳს წაგიარე, გზა გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრად ა იგი მთუარე; ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩუენი ნახვა, გაიხარე, ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეჴმარე.

1355. “ამა მონათა ჩემზედა გარდაუჴდელი გულია: ამოდ მსახურეს, თქუენიმცა გული ამათთჳს სრულია! ქება რად უნდა მას, ვინცა თქუენთანა ხან დაზმულია? მგზავსი ყუელაი მგზავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია–.”