ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

1395. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქუეს: “ გუიყოო, რაცა სჯობდა" აწღა ვცანით, უარესსა პირი თქუენი არ გაბრჭობდა”. ინდოთ მეფე მხიარული ჴელგაპყრობით ამას ჴმობდა. ქუაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა.

1396. ტარიელ ეტყუის ავთანდილს: “ისმინე სიტყუა ასები, გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები: მე ოდეს ქუაბნი წაუხვენ, დავჴოცენ დევთა დასები, მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ ნაფასები.

1397. “მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მდომია; მოდი და გავჴსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია”. იამა; ადგეს ორნივე, არცა ქუე ასმათ მჯდომია, დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედან ომია.

1398. პოვეს საჭურჭლე უსახო, კულა უნახავი თუალისა, მუნ იდვა რიყე თუალისა, ჴელ წმიდად განათალისა, ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა; ვინცა ქნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათუალისა!

1399. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი. პოეს ერთი ზარდახანა, აბჯრისათჳს სახლად ქმნილი; მუნ აბჯარი ყოვლი ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი, შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდული, არ გაჴსნილი.

1400. ზედა ეწერა: “აქა ძეს აბჯარი საკუირველიო, ჯაჭუ მუზარადი, ალმასი, ჴრმალი ბასრისა, მჭრელიო; თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო! უმისჟამისოდ ვინც გაჴსნას, არის მეფეთა მკულელიო”.

1401. კიდობანი გაჴსნეს, ჰპოეს მუნ აბჯარი სამი ტანი, რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი; ჯაჭუი, ჴრმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი, ზურმუხტისა ბუდებითა იყუნეს ვითა ლუსკუმანი.

1402. თჳთომან თჳთო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან, ჯაჭუ მუზარადსა, აბჯარი მართ ვერა ვერ მოჰკიდიან; ჴრმალი რკინასა დაჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან, მათ უღირს ყოვლად ქუეყანად, შევატყევ, არ გაჰყიდიან.

1403. თქუეს: “ესე ნიშნად გუეყოფის, ვართო კარგითა ბედითა; ღმერთმან მოგუხედნა თუალითა, ზეგარდმო მონახედითა”. აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა, თჳთო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.

1404. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები; გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები. ავთანდილ თქუა: “ამას იქით დავამაგრო ჴრმალსა ნები, ამაზ ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები”.

ტარიელისა და ავთანდილისგან წასლვა ფრიდონისასა

1405. რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა, ნურადინის ქუეყანამდის შეისვიან მათ უკანა; მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა; ავთანდილ კმა ყოლაუზად, სხუამცა ვინღა წაიტანა!

1406. იარეს და ზედან შეჰჴდეს ნურადინის მეჯოგეთა; ჯოგი ნახეს, მოეწონა ფრიდონისთჳს ეაგეთა. მუნ ავთანდილს ინდო ეტყუის: “გაქნევ კარგთა სიშმაგეთა, მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა!

1407. “ჯოგი წაუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად, გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად, ანაზდად გუიცნობს, გაჰკრთების, გულსა შელამის დაღებად, ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შევეიქს ლაღებად”.

1408. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექნა, ეკრა კვესებსა; უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქთ საქმესა ზესებსა? ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ჴრმალსა, არ აკუნესებსა”.

1409. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს. მეჯოგენი მიიზახდეს, ჴმანი მათნი გაადიდნეს: “გუიშველეთო, გუიშველეთო, მეკობრეთა ამოგუწყვიდნეს!” ჴმა შეიქნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დარიდნეს.

1410. შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა. ჴმა შეიქნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა; დაეხურა მუზარადი, პირსა მათსა უფარვიდა.

1411. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქუა: “ვნახეო, ვინცა მინა”. მუზარადი მოიჴადა, გაიღიმა, გაიცინა; ფრიდონს უთხრა: “რასა ლამი, ჩუენი მოსლვა რას გეწყინა? პურად ავი მასპინძელი მოგუეგებვი ომად წინა!”

1412. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყუანისცა. იგინიცა გარდაუჴდეს, მოეხვივნეს, აკოცესცა. ფრიდონ ღმერთსა ჴელ აპყრობით უსაზომო მადლი მისცა; დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

1413. ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით? მოგელოდი უწინარე, მე მზა ვარო, სამსახური თქუენი რამცა დავიზარე!” ჰგვანდა, თუცა შეყრილ იყუნეს ორნი მზენი, ერთი მთუარე, ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.