ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

1567. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდაჴდომილმან. დაუყუნა თუალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან; გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან, დაუწყო ქება მეფემან, თჳთ ვერას ვერ მიჴდომილმან.

1568. ეტყუის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო! შენთჳს ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთუარიანო, ეტლად კარგო გვარიანო თქუენ საჭურეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო”.

1569. გაჰკუირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა; ვით მზემან, დაყუნა მჭურეტელთა თუალნი ნათლისა ჩენასა; სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა. მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭურეტითა ლხენასა,

1570. შინა წავიდეს ყოველნი, შესხდეს თავისა დარებად, ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად, არ მიიხდომვის სიტურფე, არს მათგან მიუმხუდარებად, ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

1571. შევიდეს, ნახეს თინათინ მჭურეტთა მიმცემი ჭირისა; სკიპტროსან გჳრგჳნოსანსა შვენოდა ცმა პორფირისა, მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა; შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მგზავსი გმირისა.

1572. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს, მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს, იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს, ბროლ ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

1573. თინათინ ზედა აწვივნა ტახტსა მეფეთა ზეთასა, ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა, მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ, მზესა მზეთასა”.

1574. ორთავე ჴელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა, გუერდცა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა; უნახავსა და ნახულსა, სჯობს ყოვლსა სანახავისსა, ნუ ეჭუ მიჯნურთა მათებრთა ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1575. ქალსა შესწბა, გაუკუირდა ავთანდილის გუერდცა ჯდომა, ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შედაგამო გულმან კრთომა. მეფე ეტყვის: “შვილო, ჩემგან გაქუს სირცხვილი თუ რა ზომა, ბრძენთა უთქუამს სიყუარული, ბოლოდ მისი არ წაჴდომა."

1576. “აწ, შვილო, ღმერთმან თქუენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა, სვე, სვიანობა, დიდობა, კულა ჭირთა გარდუჴდელობა! ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხუდების თჳთ მისებრ შეუცვლელობა! თქუენით ჴელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!”

1577. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყუანება: “ესეაო მეფე თქუენი, ასრე იქნა ღმრთისა ნება, დღეს ამას აქუს ტახტი ჩემი, მე სიბერე, ვითა სნება, ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება!”

1578. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყუანნეს, მოაჴსენეს: “მიწად ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგუიყვანნეს, მორჩილ-ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს, მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩუენნი აგულვანნეს.”

1579. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა გადიდება; ქალსა ეტყვის: “შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება, ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს აგრევე თქუენი დება, ორგულთა და შემცილეთა შენთა მე ვქნა გაფლიდება.”

1580. მათ სამთავე ჴელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ჴრმალთა დავეწყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გაჴელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1581. ფრიდონცა ესვა მოყუარედ, მათ წინა მოიყვანიან; ერთმანერთისა მეშველთა მებრძოლნი იმაჯანიან: მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები უაკვანიან, ორგულთა მკლავნი შემუსრნეს, ერთგულნი აგულვანიან.”

1582. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ ქურივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

1583. ეს ამბავი დარჩომოდა სარგის ლექსთა შეუწყობლად, მერმე თმოგვი თმოგველთაგან შესავლითურთ დარჩა ობლად მე ვნახე და მას უჩვენე, ვინ ჩანს გმირთა რაზმთა მწყობლად მან მიბრძანა, ლექსად თქუიო, მჭერ ქართულად დაუშრობლად

1584. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა დამამაგრებლად.

1585. დავითის ქნანი, ვითა ვთქუნე სიჩალჴე სიჴაფეთანი! ესე ამბავნი უცხონი უცხოთა ჴელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვჰპოვე და ლექსად გარდავთქუენ, ამითა ვილაყფეთანი.

1586. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა, ტარიელ მისა რუსთველსა, მისთვის ცრემლ შეუშრომელსა.