ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

1356. ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წაცახვია მან, მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და თმითა იამან; შესთუალა ზეპირ, რაც ჴამდა სრულად, მართ ვითა გია, მან, მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.

1357. მონახა, ჰპოვა ავთანდილ ნავი მისისა მჴარისა, გამოემართა იგი მზე, პირითა სავსე მთუარისა, მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ მდუღარისა; მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.

1358. ფატმან, უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა, იტყუიან: “მზეო, რა გუიყავ? დაგუწვენ ცეცხლითა მწველითა! რად დაგუაბნელე შენისა მოშორვებისა ბნელითა, დაცაგუმარხენო ჴელითა ჩუენითა დამმარხველითა!”

წასვლა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა

1359. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა, პირ მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა; მას შეყრა ტარიელისი უხარის მით ამბავითა, ჴელ განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.

1360. მოწურვილ იყო ზაფხული, ქუეყნით ამოსვლა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა, ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა, სულთქუნა, რა ნახის ყუავილი მან, უნახავმან ხანისა.

1361. აგრგუინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა; ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა; უბრძანა: ”გიჭურეტ თუალითა, გულ ტკბილად შემხედვარითა, მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქუენთანა საუბარითა”.

1362. რა მოეგონის მოყუარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი, ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი, უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი, სადაცა ნახნის, დაჴოცნის ლომ ვეფხნი მოშამბნარენი.

1363. ქუაბნი გამოჩნდეს, იამა, იცნა, თქუა: “იგი კლდენია, სადა ზის ჩემი მოყუარე და ვისთჳს ცრემლი მდენია; ღირს ვარმცა, ვნახო პირის პირ, უამბო რაცა მსმენია, არ მოსრულ იყოს, რაღა ვქნა? ცუდ ჩემი განავლენია!”

1364. “თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა, მინდორს სადმე წავიდოდა, მჴეცისაებრ ველთა ვლიდა; სჯობს, თუ შამბ შამბ წავიარო”, იგონებდა, იხედვიდა, ესე თქუა და მიუქცივა, მინდორთაკენ წამოვიდა.

1365. მიაცორვებს და იმღერის მხიარულისა გულითა, მართ სახელ დებით უყივის ჴმითა მით სიხარულითა. ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა: შამბისა პირსა ტარიელ დგა ჴრმლითა მომახულითა.

1366. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ჴრმალსა სისხლი სცხებოდა; შამბისა პირსა ქუეითი დგა, ცხენი არა ხლებოდა; ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა, შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლტებოდა.

1367. ჴრმალი გასტყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა. ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა. მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა, ჴმა შაქრის ფერად გაუჴდა ვარდსა, ხშირ ხშირად პობილსა.

1368. ტარიელ მოთქუა ტირილით სიტყუა ნატიფი, მჭევრები: სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები, ალვისა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები, “რადგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მე რვები!”

1369. ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა; გაღიმდის, ძოწნი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა; ეტყოდა: “ვსცანო ამბავი, შენ რომე გიამებოდა, აწ გაახლდების ყუავილი, ვარდი აქამდის ჭკნებოდა”.

1370. ტარიელ უთხრა: “ჰე ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია, ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, ნახვა შენია; სხუად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია: კაცმანმცა სოფელს ვით ჰპოვა, რაც არა საქმე ზენია!”

1371. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დასწყნარდა, მის ამბვისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა, გამოიღო რიდე მისცა, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა. რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1372. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან, პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაექცნეს, მოდრიკნა თავი გიშრისა ტალა მან. მისნი ვერ გასძლო პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.

1373. ავთანდილ უჭურეტს ტარიელს, უსულოდ ქუე მდებარესა, შეფრინდა, შველად მიმართა მას, ტკბილად მოუბარესა; ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ ნადებარესა; მისთა ნიშანთა სიცოცხლე მათ მისი მიიბარესა.

1374. ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ჴმითა შვენიერითა, ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა; გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა, მუნით წყარონი გამოხდეს, ძოწსა ვამგზავსენ ფერითა.