ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

1414. ფრიდონის სახლსა გარდაჴდეს ორნივე, ტურფად გებულსა. ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისად ძმად შეფიცებულსა; ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო გარდაგებულსა, მათ უძღუნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

1415. უთხრეს: “ჯერთ ჟამად არა გუაქვს სხუა შენთჳს არმაღანია, მაგრა ტურფანი მრავალნი ქუე სამე გუისხენ სხუანია”. მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია: “ჩემთჳს ამისი ბოძება არს თქუენი შესაგვანია”.

1416. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა; აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღნობითა, დამოსნა ტურფა ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა, თუალ მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

1417. უთხრა, თუ: “ესე სიტყუაა ავისა მასპინძელისა, ჰგავს, მამწყენოდეს სტუმრობა თქუენ ბრძნისა, ვითა ხელისა, მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა, თუ ქაჯნი მოგუესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.

1418. “დიდთა რას ვაქნევთ ლაშქართა, კარგნი გუინდან და ცოტანი; სამასი კაცი გუეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი; ჩუენ, ქაჯეთს ქაჯთა საომრად, დავაგნეთ ჴრმალთა კოტანი, მას ადრე ვჰპოებთ, ვისიცა მოგუკლავს ალვისა, მო ტანი.

1419. “ქაჯეთს ერთხელ კულაც ყოფილვარ, ნახავთ, თქუენცა გემაგრების: ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების; თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების, მით ლაშქარი არად გუინდა, რაზმი მალვით ვერ მოგუყუების”.

1420. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა. მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა. თჳთ სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა; ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.

1421. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა; ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა. ფრიდონ თქუა: “ვახლავთ არეთა ჩუენ, ქაჯეთს მიახლებულთა, აქათგან ღამით ვლა გუინდა, მით არას გამჟღავნებულთა”.

1422. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმიდიან: რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან; მივიდეს, აჩნდა ქალაქი. მცველთა ვერ დასთუალვიდიან, გარე კლდე იყო, გუშაგთა ჴმა ჯარვით გაადიდიან.

1423. გუირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია. მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთუარე დგას მუნ ნათელია; თქუეს:”ვითათბიროთ, ვითა ვთქუათ, აწ გამორჩევა ძნელია; ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქნელია”.

თათბირი ნურადინ-ფრიდონისა

1424. ფრიდონ თქუა: “ვიტყუი სიტყვასა, ვეჭუ, ჩემი არ დამცდარია; ჩუენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია; პირს პირ ომი არ ძალ გუიც, არ ჟამი საკუეხარია, ათას წელ ვერსით შეუვალთ, თუ ზედ დაგუიხშან კარია.

1425. “ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწურთნიდიან; ასრე გავიდი საბელსა, რომ თუალნი ვერ მამკიდიან, ვინცა მჭურეტდიან ყმაწვილნი, იგიცა მე მნატრიდიან.

1426. “აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა, მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა, მას ზედა გავლა ადვილად მჩანს, ვითა გარბენა ველისა, თქუენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

1427. “აბჯრითა გავლა არა მჩანს ჭირად გატანა ფარისა; შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მგზავსად ქარისა, ლაშქართა დავჴოც, გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა! თქუენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.

თათბირი ავთანდილისა

1428. ავთანდილ უთხრა: “ჰე, ფრიდონ, მოყუასნი ვერ გიჩივიან: ლომთა მკლავთაგან იმედი გაქუს, არა წყლულნი გტკივიან; სთათბირობ ძნელთა თათბირსა, მტერთა ივაგლახ ივიან, მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლოს ახლოს ყივიან!

1429. “რა გახვიდოდე, გუშაგთა ესმის აბჯრისა ჩხერება, გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ჴამს დაჯერება; წაგიჴდეს ცუდად ყუელაი, დაგრჩეს ცუდი ღა ფერება, ეგე თათბირი არ ვარგა, სხუაებრ ვქნათ თავის ტერება.

1430. “სჯობს, დადეგით დამალულნი თქუენ ადგილსა იდუმალსა, ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა, სავაჭროთა შევეკაზმი, საქმესა ვიქ მე მუხთალსა, ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ჴრმალსა.

1431. “სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გუიგრძნან, არს სათუები; მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები, მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, ღმერთმან ქნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!