ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

1280. “ქაჯნი სახელად მით ჰქუიან, არიან ერთად კრებულნი კაცნი, გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გაჴელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნებნი, იგი არვისგან ვნებულნი; მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

1281. “იქმენ რასმე საკუირველსა, მტერსა თუალსა დაუბრმობენ, ქართა აღძურენ საშინელთა, ნავსა ზღვა ზღვა დაამჴობენ, ვითა ჴმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ, სწადდეს დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს ბნელსა ანათობენ.

1282. “ამისათჳს ქაჯად უჴმობენ გარეშემონი ყუელანი, თუარა იგიცა კაცნია ჩუენებრვე ჴორციელანი”. ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ ცხელანი, დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყუანი აწინდელანი”.

1283. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი; თქუა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მამალხენელი, ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი, წყალობა თქუენი იჩქითად არს ჩუენი გარდმომფენელი!”

1284. მის ამბისა ცნობისათჳს ცრემლით ღმერთსა ადიდებდა. ფატმან ეჭუდა თავისათჳს, ამად ცეცხლსა კულა იდებდა; ყმა ნამუსსა ინახვიდა, სიყუარულსა იფერებდა; ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1285. მას ღამე ფატმან იამა ავთანდილს თანა წოლითა; ყმა უნდო გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, გული მხეც ქმნილი გასჭრია, მჴეცთავე თანა რბოლითა.

1286. ავთანდილ მალვით ცრემლსა ღვრის, წვავს დენად სისხლ ნართავისად შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად; იტყუის, თუ: “მნახეთ, მიჯნურნო,იგი, ვინ ვარდია ვისად, უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მგზავსად ყუავისად!”

1287. მუნ ცრემლნი, მისგან ნადენი, ქვათაცა დასალბონია; გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია; ფატმან მაზედა იხარებს მართ ვითა იადონია. თუ ყუავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

1288. გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ ნაკიდები; დიაცმან უძღუნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები, მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი , წმიდები: ”რაცა გწადდესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები”.

1289. ავთანდილ თქუა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!” სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა; მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მჴნესა, მოიმატა დაშვენება, დაემგზავსა ლომი მზესა.

1290. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად; ყმა შევიდა მოკაზმული, მხიარულად, არ პირ ბნელად; ფატმან ნახა, გაუკუირდა ვაჭრულისა უმოსელად, შემოსცინა: “აგრე სჯობსო შენთჳს ხელთა სასურველად”.

1291. ფატმან მისსა შვენებასა მეტის მეტად ჰკუირდებოდა. მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა: “შეეტყვების, არ მიცნობსო," რა რეგვნად და რაგვარ ჴმობდა! თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა.

1292. პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა, ღვინო სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაეძინა; საღამო-ჟამ გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა, ფატმან უჴმო: “მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა.”

1293. ფატმან მივიდა, ავთანდილს ჴმა ესმა მისგან ოხისა; იტყოდა: “მამკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მოხისა!” გუერდცა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა, ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

1294. ავთანდილ ბრძანა: “ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ ნაკბენია, მაგრა მართალი აქამდის შენ ჩემი არა გსმენია, ჩემნი მამკულელნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

1295. “გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა; მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა, თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა, მაქუს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე ზარადხშანისა.

1296. “შენ გიცი კარგი მოყუარე, ერთგული, მისანდობელი. მათ უვის ერთი ასული, მზე ჴმელთა მანათობელი, იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი, მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

1297. “რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქუეყანა, მის მზისა მონაცვალისად; მისთჳს გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად, გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად”.

1298. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა, ამბავი ტარიელისა, შემოსა ვეფხის ტყავისა; უბრძანა: “ შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა, ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა.

1299. “მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა, ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა; ვინცა სცნობს, კაცი ყუელაი ჩუენსა დაიწყებს ქებასა, ნუთუ კულა მიხუდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.