... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

1439. მუნ მიეგება ყოველნი: ფრიდონის დიდებულები჻ ასმათი სავსე ლხინითა: მას აღარ აჩნდა წყლულები჻ ნესტან დარეჯანს მოიჭდო: რომე ვერ გახსნის ცულები჻ აწ გაუსრულა ყოველი: მან მისი ნაერთგულები჻

1440. ნესტან დარეჯან ეხვევის: პირსა აკოცებს პირითა჻ უბრძანა ჩემო ვაგლახ მე: შენცა აგავსე ჭირითა჻ აწ ღ~თნ მოგვცა წყალობა: ვსცან მისი არ სიძვირითა჻ მე გულსა შენსა ეზომსა: არ ვიცი გარდვიხდი რითა჻

1441. ასმათ ჰკადრა მადლი ღ~თსა: ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი჻ ბოლოდ ესრე გააცხადნა: გონებამან დაფარულნი჻ სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს: ოდეს გნახენ მხიარულნი჻ სჯობს ყოველთა მოყვარულთა: პატრონ ყმანი მოყვარულნი჻

1442. დიდებულთა თაყუანისცეს: მოახსენეს დიდი ქება჻ რომე ღ~თნ გაგვახარნა: კურთხეულა მისი ღ~თება჻ ჩვენ გვიჩვენა პირი თქუენი: აღარა გვწვავს ცეცხლთა დება჻ წყლულსა მისგან დაკოდილსა: მასვე ძალ უც განკურნება჻

1443. მოვიდეს და პირი ჴელსა: დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს჻ მეფე ეტყჳს ძმათა თქუენთა: თავნი ჩვენთვის დაიჴოცნეს჻ იგი შვებას საუკუნოს: ცხადად პოვეს არ იოცნეს჻ ერთსა მიხუდეს საზიაროდ: დიდებანი იასოცნეს჻

1444. თუცა მე მათი დახოცა: მტკივის და სატკივარია჻ მაგრა მათ მიხუდა უკვდავი: მუნ დიდი საჩუქარია჻ ესე თქუა ნელად ატირდა: და წვიმა თოვლსა არია჻ ნარგისთათ იძვრის ბორიო: ვარდსა ზრავს იანვარია჻

1445. მუნ ატირდეს ყუელაკანი: რა ტირილად იგი ნახეს჻ რაცა ვისრა დაჰკლებოდა: მათ ტირილით სულთქმით ახეს჻ დადუმდეს და მოახსენეს: რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს჻ თქუენთა მჭვრეტთა მღერა მართებს: რასათვისმცა ივაგლახეს჻

1446. ვინ ღირსა თქუენგან ეგზომსა: ტირილსა შეჭირვებასა჻ თქვენთვის სიკუდილი დია სჯობს: მიწათა ზედან რებასა჻ კვლავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა: ნურათ იქთ გამწარებასა჻ ღ~თიმცა მუქფად მოგიზღავს: ათასსა გახარებასა჻

1447. ავთანდილცა მიუმტკივნა: იტყჳს დიდსა სიმძიმილსა჻ მათ შეასხეს ქება უთხრეს: თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა჻ რადგან მიხვდა დაკარგული: ლომი მზესა წახდომილსა჻ აღარა ვსტირთ სატირალსა: აღარ დავსდებთ თვალთა მილსა჻

1448. მივიდეს სადა ქალაქი: დიდი მულღაზანზარია჻ სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა: გაჰხდა ზათქი და ზარია჻ დაბდაბისა და ქოსისა: ჴმა ტურფად შენათხზარია჻ მოატყდეს მოქალაქენი: დააგდეს მუნ ბაზარია჻

1449. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი: ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია჻ შორს უარებდეს სარანგნი: ჴელთა აქუს მათ აბჯარია჻ მოიჯრებოდეს ჯალაბნი: სარანგთა დამსაჯანია჻ მათად საჭვრეტლად მიშვება: მუნ მათგან სააჯარია჻

1450. გადაჴდეს ფრიდონისასა: სრა ნახეს მოსაწონები჻ გამოეგება მრავალი: ოქროს სარტყლითა მონები჻ ფერჴთა საფენლად ოქსინო: მართ მათგან არს ნაქონები჻ თავსა აყრიდეს ოქროსა: ხვეტს ჯარი მუნ ნარონები჻

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან჻

1451. მათ ქალ ყმათათვის საჯდომი: დაედგა თეთრ ძოწეული჻ წითელ ყჳთლითა თვალითა: ზედა კეკლუცად ფრქვეული჻ ავთანდილისთვის ყჳთელი: და შავი ერთგან რეული჻ მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელნი: ვსცან მათი სული ლეული჻

1452. მგოსანნი მოდგეს ისმოდა: ჴმა სიმღერისა ტკბილისა჻ ქორწილი ქნეს და გამრავლდა: ძღნობა ლარისა ლბილისა჻ ფრიდონის პურად კარგისა: არ მასპინძლისა წბილისა჻ ნესტან დარეჯანს უშვენის: ღიმილი ჩენა კბილისა჻

1453. მოიღეს ძღვენი უსახო: ფრიდონის არ ალქატისა჻ ცხრა მარგალიტი სიდიდით: მართ ვითა კვერცხი ბატისა჻ კვლავ ერთი თვალი სამგზავსო: მზისა შუქ მონამატისა჻ მას წინა ღამით ძალ ედვის: მხატვარსა ხატვა ხატისა჻

1454. კვლავ უძღუნა თვითო ფარღული: გარდასაყრელი ყელისა჻ მრგულად გათლილისა თვალისა: იაგუნდისა მრთელისა჻ კულავ მოაქუს ერთი ტაბაკი: მძლედ საჭირავი ჴელისა჻ ავთანდილისთვის ლომისა: ძღვენი ფრიდონის ქუელისა჻

1455. იგი ტაბაკი სავსეა: მარგალიტითა სხვილითა჻ ავთანდილს უძღუნა ყუელაი: არა სიტყჳთა წბილითა჻ აივსო სახლი სტვირითა: და ოქსინოთა ლბილითა჻ ტარიელ მადლი უბრძანა: ლაღმან სიტყჳთა ტკბილითა჻

1456. ფრიდონისგან უსაზომო: ქორწილია დღესა რვასა჻ ყოვლთა დღეთა მიართმიდეს: უფასოსა ძღვენსა მზასა჻ დღე და ღამე არ გასწყვეტდის: ჩაღანა და ჩანგი ჴმასა჻ აჰა მიხვდეს შესაფერნი: ყმა ქალსა და ქალი ყმასა჻

1457. ტარიელ ფრიდონს უბრძანა: დღე ერთ სიტყუები გულისა჻ არს გული თქუენი საჩემო: უფროსი ძმისა სრულისა჻ არ გემუქფების სიცოცხლე: არცა მოცემა სულისა჻ მე თქუენგან ვჰპოვე მოკვდავმან: ჩემი წამალი წყლულისა჻