ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1435. თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან, ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარსა მართ ვერა ვერ მოჰკიდიან; ხმალი რკინისა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან, მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყევ, არ გაჰყიდიან.

1436. თქვეს: “ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა; ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა”. აიღეს იგი აბჯარი თავის-თავისა ქედითა, თვითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.

1437. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები; გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები. ავთანდილ თქვა: “ამას იქით დავმაგრო ხრმალთა ნები, ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები”.

1438. აქა, მხატვარო, დახატენ, ძმად უმტკიცესად ძმობილნი, იგი მიჯნურნი მნათობთა, სხვისა ვერვისგან სწრობილნი, ორნივე გმირნი, მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი, რა ქაჯეთს მივლენ, გასინჯოთ ომი ლახვართა სობილნი!

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისას

1439. რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა. ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა; მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა, ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა.

1440. იარეს და ზედან შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა; ჯოგი ნახეს, მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა. მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: “გაქნევ კარგთა სიშმაგეთა, მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა!

1441. “ჯოგი წავუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად, გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად, ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შელამის დაღებად, ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შე-ვე-იქმს ლაღებად”.

1442. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა; უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა? ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა”.

1443. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს. მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს: “გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!” ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დარიდნეს.

1444. შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა. ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზრვიდა; დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1445. რა ტარიელ ფრიდონ იცნა; აწ ვნახეო, ვინცა მინა”. მუზარადი მოიხადა, გაიღიმა, გაიცინა; ფრიდონს უთხრა: “რასა ლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა? პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!”

1446. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანი სცა. იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, აკოცისცა. ფრიდონ ღმერთსა ხელ-აპყრობით უსაზომო მადლი მისცა, დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

1447. ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით, მოგელოდი უწინარე, მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე!” ჰგვანდა, თუცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე, ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

1448. ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად გებულსა. ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად-შეფიცებულსა. ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო-გარდაგებულსა, მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

1449. უთხრეს: “ჯერ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია, მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია”. მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია: “ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია”.

1450. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა; აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა, დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა, თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

1451. უთხრა თუ: “ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა, ჰგავს, მოსწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა, ვითა ხელისა, მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა, თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.

1452. კვლავ ფრიდონ ეტყვის: “რაც გწადდეს ჩემისა ნუ გაქვს რიდია; ეს თავი ჩემი თქვენისა ფეხისა გზა და ხიდია; თვალ- მარგალიტი აიღეთ, ორნივ სალაროს მიდია; ესე ბრძანეთ თუ, ლაშქარი მცირე გვინდა თუ დიდია?

1453. “დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა, კარგნი გვინდა და ცოტანი; სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი; ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა მეომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი, მას ადრე ვპოებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, მო, ტანი.