ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1395. ქვაბნი გამოჩნდეს, იამა, იცნა, თქვა: “იგი კლდენია, სადაა, ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია; ღირს-ვარმცა, ვნახო პირის-პირ, უამბო რაცა მსმენია, არ მოსრულიყოს, რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია!”

1396. “თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა, მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა; სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო”, იგონებდა, იხედვიდა, ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკენ წამოვიდა.

1397. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა, მართ სახელდებით უყივის ხმითა მით სიხარულითა. ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა: შამბისა პირსა ტარიელ დგას ხრმლითა მომახულითა.

1398. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა; შამბისა პირსა ქვეითი დგა,– ცხენი არა ხლებოდა – ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა, შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლტებოდა.

1399. ხრმალი გატყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა, ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა. მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა, ხმა შაქრის-ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.

1400. ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები: სისხლისა ცრემლმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები, ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები,– “რადგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მევ რები.”

1401. ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა; გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა; ეტყოდა: “ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა, აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა”.

1402. ამა ამბავსა გიამბობ, არს ჩემგან მონასმინები; მასცა მოშორდა საწუთრო, ვის ჰგვანდეს ფერად მინები; კიდე შემოგხსნის ჯინჯილსა, ხელობისათვის ვინ ები, კვლა მასვე გიზამს სოფელი,თუ სჭმუნავ, რაცა ინები.“

1403. ტარიელ უთხრა: “ჰე, ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია, ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, ნახვა შენია; სხვად ნუ ჰყოს ღმერთმან წამალი, არცა-რა მოგისმენია: კაცმანმცა სოფელს ვით ჰპოვა, რაც არა საქმე ზენია!”

1404. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა, მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა, გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა, რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1405. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან, პირსა დაიდვა,– დაეცა, – ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაიქცნეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან, მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ რამინ, ვერცა სალამან.

1406. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა; შეფრინდა, შველად მიმართა მას, ტკბილად მოუბარესა; ვერა, ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა, მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.

1407. ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა, ყორანსა გაგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა; გახეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კვერითა, მუნით წყარონი გამოჩნდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერითა.

1408. პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა; “რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა; წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა? ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

1409. “მე მოვკალ ჩემი მოყვარე, რა მმართებს გაწბილებულსა? თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა! ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა, თქმულა: “სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!.”

1410. უცნობო-ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად, ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად, მან ჰპოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად, მკერდსა დაასხა, გავეხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

1411. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა; ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა; თვალნი აღახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა, ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისგან შუქ-ნაკრთომისა.

1412. ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან, ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან, მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან,– სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან.

1413. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია, ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა, მართ ვითა ხელია, მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია. იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია!

1414. ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკვლელისა მისისა; იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა; დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა, ავთანდილ ადგა, დაუწყო, თხრობა სიტყვისა მქისისა.