... (Q-1369), 1823 წ.

1406. აწ მე მაქუს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია მეფეო კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია ფატმანს უხსნია ჩემი მზე სდედებია და სდებია მისად მუქაფად რა გიძღვნა მძულს ცუდი ნაქადებია

1407. მოდი გვნახენ გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი ჩემგან შეიწირე კაცნი შენნი შეაყენენ ციხე მაგრად დაიჭირე მე ვისწრაფი ვერა გნახავ შენ წამოდი ჩემ კერძ ირე

1408. თქუჱნ უბრძანეთ ჩემმაგიერ უსენს ქმარსა ფატმანისსა გამოგზავნოს ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხუადღა ვისსა ვინ მზესაცა უნათლეა ასრე ვითა ბროლი ფისსა

1409. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა წესია გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთომელსა მისცა მადლი და დიდება ღმერთსა მართლისა მბრჭობელსა მაშინვე შეჯდა არ უნდა მისლვა სხუასაღა მხმობელსა

1410. ბარგი აჰკიდა გააგო ქმნა ქორწილისა მათისა მას მოაქვს რიცხვი ტურფათა არს სიდიადე სათისა ფატმან ჰყავს თანა იარა სავალი დღისა ათისა უხარის ნახვა ლომისა და მზისა ხმელთა მნათისა

1411. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა გარდახდეს მდაბლად აკოცეს გარესწყდეს ჯარსა სპათასა შეასხეს ქება ტარიელს მან მადლი გაუათასა ქალი რა ნახეს სტრფიალობს შუქსა მას ბროლბაკმათასა

1412. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა ედებოდა ცეცხლი ნელი მოეხვია გარდუკოცნა ხელი ფერხი პირი ყელი იტყვის ღმერთო რა გმსახურო გამინათლდა რათგან ბნელი ვცან სიმოკლე ბოროტისა კეთილია მისი გრძელი

1413. ქალი ფატმანს ეხვეოდა ტკბილად იტყვის არგამწყრალი ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი გაცამწკრალი აწ აგრე ვარ გავსებული წინას ვიყავ ვითა მცხრალი მზემან შუქნი შემომადგნა ვარდივით ვჩან არდამზრალი

1414. ზღუათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა ქაჯეთიცა დაუმადლა არ გაუშვა დღესა შვიდსა უხვად გასცემს საბოძვარსა საჭურჭლესა ანაკიდსა პერპერასა დაპანტულსა ზედა ცვეთდეს ვითა ხიდსა

1415. მუნ იდვის გორი ლარისა სტავრისა და ატლასისა ტარიელს უძღვნა გვირგვინი ვერ დანადები ფასისა იაგუნდისა მრთელისა ყვითლისა მეტად ხასისა კულავ ერთი ტახტი ოქროსი წითლისა მართ ხალასისა

1416. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თვალითა იაგუნდითა წითლითა ბადახჩითა და ლალითა დასხდეს ორნივე ქალყმანი პირითა ელვამკრთალითა მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა

1417. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი ძვირფასისა უნაგირი უკეთესი თვითო ცხენი თითო კაბა თვალიანი უცხო ფერთა შუქთა მფენი მოახსენეს მადლი რა ვთქუათ სვიანმცაა დავლა თქვენი

1418. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა ენითა დიდად ვიამე მეფეო პირველ ნახვითა თქვენითა მერმე აგვავსენ მრავლითა უცხოთა ტურფა ძღვენითა ვიცი შორიშორ არჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა

1419. ზღუათა მეფე მოახსენებს ხელმწიფეო ლომო ქველო მოახლეთა სიცოცხლეო ვერ მჭვრეტელთა შორით მკლველო მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა შვენიერო სანახველო რა მოგშორდე რა მერგების საჭვრეტელად სასურველო

1420. ტარელ ფატმანს უბრძანა მე თავი შენი მიდია დავ გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია მომიცემია წაიღე არ კიდე მომიყიდია

1421. ფატმან ხათუნ თაყვანის სცა ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა მემეფეო შენი ნახვა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა რა მოგშორდე რა ვიქნები მე დამაგდებ ვითა რეტსა ახ ნეტარძი მოახლეთა ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა

1422. ზღუათა მეფესა ეტყოდეს ორნივე შუქთა მაფენი კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი უთქვენოდ მყოფსა არ გვინდან ნიშაგნი საჩანგდაფენი მაგრა გაგვიშვენ წავიდეთ ჟამია ვართ მოსწრაფენი

1423. შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩვენი საესავიო მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძო ერთი ნავიო მეფემან ბრძანა არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო რათგან ისწრაფი რა გკადრო წა გიწინამძღვრდეს მკლავიო

1424. მეფემან ნავი ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს თმაწვერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა

ტარიელისაგან ზღუათა მეფისა გაყრა და ფრიდონისას მისვლა