ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

1224. “სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გჰზისადა: “მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა, ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი, მართ ვითა მზისადა, ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.

1225. “როსანს შევრთოთო, – დულარდუხტს მეფესა უბრძანებია, – “ჯერ ქორწინებად არა მცალს აწ გული ცეცხლ-ნადებია; შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია”. ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

1226. “ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია. მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია; ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია, დაეყოვნების; წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

1227. “ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია: ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია, მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია, მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

1228. “გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები, ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები; ქალაქის კართა სამთავე სამათას-სამათასები. გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და, გლახ, რას ები!”

1229. ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგრა ვადამან, რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან, შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან: “ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმან ღა დამან!”

1230. ფატმანს უთხრა: “საყვარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად, მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად, მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად, ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შეჰქმნა ხორციელად?

1231. “მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა, მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ, მიკვირს ქალსა?” ფატმან უთხრა: “მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა, არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა”.

1232. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი, კაცნი, გრძნებისა მცოდნენი, ზედა გახელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნენი, იგი არვისგან ვნებულნი; მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

1233. “იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ, ქართა აღძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ, ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ, სწადდეს , დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს, ბნელსა ანათობენ.

1234. “ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი, თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი”. ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ ცხელანი, დიდად მიამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი”.

1235. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი; სთქვა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი; ყოფილი, მყოფი, უფქმელი, ყურთაგან მოუსმენელი, წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარ მომფენელი!”

1236. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა. ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა; ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა, ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1237. მას ღამეს ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა; ყმა უნდო გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, გული ხელ-ქმნილი გასჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა.

1238. ავთანდილ მალვით ცრემლსა ჰსწვიმს, ჰსდის ზღვათა შესართავისად, შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად; იტყვის, თუ: “მჰახეთ, მიჯნურნო,იგი, ვინ ვარდი ა ვისად, უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!”

1239. მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია; გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია; ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია, – თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

1240. გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები; დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები, მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი , წმიდები; ”რაც გეწადოსო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები”.

1241. ავთანილ სთქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!” სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა; მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა, მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.

1242. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად; ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად; ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად, შემოსცინა: “აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად”.

1243. ფატმან მისსა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა. მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა: “შეეტყვების, არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყივნდებოდა!” თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა.