ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

1204. “მათ სხვათა მათი ამბავი სთქვეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია, ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.

1205. “მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა, – მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა; აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

1206. “დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია, აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ჰზის მორჭმული წოდია.

1207. “გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვეზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა, – ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?– როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ ათასისა.

1208. “როშაქ ჰბრძანა, – ”მოცავინმკლავს, მე ტირილსა არ დავჰხვდები! მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები, მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წაცავჰყვები”.

1209. “გვითხრა მისთა ხელისათა, – “წავალ, თანა წამომყევით! – წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით. დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით; დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.

1210. “მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა, დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა; ვთქვით თუ, – მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა! – დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1211. “ზოგთა სთქვეს, – არის ცისკარი, – ზოგთა სთქვეს, – არის მთვარეო! მას დარაზმულთა მივჰმართეთ, ახლოსაც ვნახეთ ბარეო; შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო, მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

1212. “გვითხრა: “ვინ ხართ ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენი თქვენით; გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით”. ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით. პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1213. “ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა; მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა; ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა, კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

1214. “კვლავ ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა. არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა; როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა, აღარ გავუშვით, დაჭირვა ვკადრეთ ხელითა ჩვენითა.

1215. “კვლავ ვჰკითხეთ: “გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა, ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?–” მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა, – რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა.

1216. “არცა-რა ცხადი ამბავი, არცა-რა დასამალავი, არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი; ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი, ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

1217. “როშაქ გვიბრძანა, – “ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია, ამისა საქმე უცხოა საამბობლადცა ძნელია; ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია, მით, რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.

1218. “ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუგვრია, მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია, პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია”. –

1219. “მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით; დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ, მას წინა მოვეკიდენით; არცა რა ვკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით; იგი სტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით.

1220. “მე როშაქს ვკადრე, – “გამიშვი კვლავ ადრე თქვენი მხლებელი; აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი;”– მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი, თანა წავიტან, წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი”.

1221. “მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა. მე გავიგონე, შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა, მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა, ცოტაი ლხინი მომეცა, მზგავსი დრამისა წონისა.

1222. “მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა: ვჰკითხე: “მითხარ, რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა?” მან იგივე კვლავ მიამბო, რაცა მუნით მომესმინა, ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულმობრძავი დამარჩინა.

1223. “მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა: უჩინოდ წავლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა; მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: “ნუ დასდგებითა, მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა”.