ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

1045. ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა; უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა. გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!

1046. “გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელი-ღა ვრბოდე მე ველად!”

1047. ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი, ფატმან შექმნა თავის ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი; ცრემლთა, მისთა მონადენთა, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი; თქვა: “დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაკარნი!”

1048. მოთქვამს: “მოვკალ, ჰაი ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი, იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი, გავეყარე საყვარელთა, ვა, გამზრდელნი, ვა გაზრდილნი! ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი”.

1049. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული; უბრძანა: “რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული? რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული? დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?”

1050. დიაცმან უთხრა: ”ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა, ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა; დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.

1051. “ესეგვარი დია მიხვდეს სიტყვა-მცდარსა, ენა-მეტსა, ხვაშიადის ვერ-მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა; ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა, მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

1052. “ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ლამით: მო-ვითა-ჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით, მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით! მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მო-ვით გითხრა ცრემლთა ლამით.

1053. “თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა, დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი-, რითა. ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა, თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.

1054. ფატმანს უთხრა: “კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად, გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად; იმას კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად, რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად”.

1055. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად, კვლავე შეჰყივლა:“ვინათგან ცეცხლია ცხელი დანელად, თუ მო-ვითა-ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად, ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად”.

1056. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა; ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა, ქვეშეთკე სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანის-ბანითა, დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა.

1057. მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა; ხმა-მდაბლად ჰკადრებს: “ისია სრა მისი, ეძებ რომელსა”. უჩვენებს, ეტყვის: “ხედაო ბანსა ზე და ქვე მდგომელსა? იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა”.

1058. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა; ხელ-მოსისხლული ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა; ვერღა აესწრა, იდუმალ მოკლა, თუ ვერცა ვცანითა, ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.

1059. “რა ფატმანისსა მივიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი; უბრძანა: “მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი, თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი, აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.

1060. “აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად? რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის-მეტად”. ფატმან ფერხთა მოეხვია: “არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად, გამიმრთელდა გული წყლული. აეღა დავჯე ცეცხლთა შრეტად.

1061. “მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით; ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით! ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრასა დავიქადენით, თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით”.

ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინაშე

1062. ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა, არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა; ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.

1063. “ჩვენ, დიდ-ვაჭართა, ზედა გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძვრისა ბოძება მართებს მსგავსისა ჩვენისა; ათ დღემდის ისმის ყოველგან ხმა წინწილისა, ენისა, მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.