ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

930. იგი რა ნახეს, მესროლთნი სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს, ვერცა ჰკადრებდეს: “ვინ ხარო”, ვერცა რას ეუბნებოდეს.

931. მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა; ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა; მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა. ფრიდონს უკვირდა: “რა ქმნესო”, მისთა სპათათვის წყრებოდა.

932. ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახენო ისი სპანი, რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?” მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი, დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.

933. ავთანდილ ცნა, თუ: “ისია მოამბედ ჩემად რებული. უთხრა : ჰკადრე შენსა პატრონსა წა ჩემი დავედრებული: ვარ უცხო ვინმე ღარიბი, სამყოფთა მოშორვებული, ძმად-ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული”.

934. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად, უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად; ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად; “ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად”.

935. რა “ტარიელ” მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა, თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა, მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა; შეიყვარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

936. ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა; რა შეხედნა, მან ესე თქვა: “თუ არ მზეო, ისი ვინ-ა?” მას მეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა; ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა.

937. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ; თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ; რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ, მომკლად, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა ანუ ყიდიან.

938. ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა. დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრასა; ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით-აქათ იქმან ჯრასა, თქვეს: “ასეთი ხორიცელი შეუქმნია, ნეტარ, რასა?”

939. ყმა ფრიდონს ეტყვის: “ისწრაფვი, ვიცი, ამბისა თხრობასა, გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ლამი ცნობასა, ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა, იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.

940. “მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით, დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით, ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

941. “დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა; მინდორს ვნახეთ ტარიელ ჯდა, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა, გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა, ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.

942. “მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა; მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგსა მხარ-თეძო დალეწა და ზოგსა სული ხდებოდა; მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

943. “მათ სპათაგან ვერ-შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თვით შესხდეს და შეუტიეს ამაყთა და არას მკრთალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, არ მიიყო ხელი ხრმალთა. ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

944. “ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა. მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არ-დასტურობა, გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.

945. “იგი ვძებნე წელსა ერთსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი; ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერმიხდილი, შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

946. “ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია; მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია; მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალად, არ ახლებია, ვა მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია.

947. “ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი; ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართვამს და აგრე არჩენს იგი, ერთგან ვერ-დამდგომი, მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

948. “მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა; მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა, ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.

949. “ვითა მთვარე, დაუდგრომლად იარების, არ დადგების; მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდახდების; არას ნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების. ვა მე, მისსა მგონებელსა, ვა მას, ვინცა მისთვის კვდების!