ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

1104. “რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე-დღენი, უსენ მითხრა: “არ მინახავს ძოღანითგან მეფე ჩვენი. მივაზირებ, წავალ, ვნახავ, ვუდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!”

1105. “უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და ლალები. დავვედრე: “დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები; ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები”. კვლა შემომფიცა: “არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!”

1106. “უსენ მივიდა, ხელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ, არიფი მეფისა, მეფეცა მისი მდომელი, წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი, აწ ნახეთ მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწრობელი.

1107. “რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი, კვლა შესვეს და კვლა აუვსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი. დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი! მართლად თქმულა: “არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი”.

1108. “უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა: “დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა, მარგალიტსა დიდროანსა, უსახოსა ჰპოვებ ლალსა? ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა”.

1109. “თაყვანის-სცა უსენ, ჰკადრა: “ჰე მაღალო ხელმწიფეო, ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენალო არსთა, მზეო! რაცა სხვა მაქვს, ვისი არის ოქრო თუნდა საჭურჭლეო? დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო.

1110. “ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა; სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა; მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ჰნახოთ მსგავსი მზისა, მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა”.

1111. “რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა, უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა. მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა, უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ქმნა უსენის თქმულისა.

1112. “მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია. შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია, თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია, მოვიდეს; დია გავჰკვირდი, ვთქვი: “რამე საქმე ზესია”.

1113. “მისალამეს, “ფატმან”, მითხრეს, “ბრძანებაა ღმრთისა სწორთა: დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მსგავსი მზეთა ორთა, აწ მომგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა”. ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.

1114. “მე გაკვირვებით კვლა ვკითხე: “რა ქალი გინდა, რომელი?” მათ მითხრეს: “უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი” არ რა მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი, ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

1115. “შეველ, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად, ვჰკადრე: “მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ხედავ რულად! ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად, შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად”.

1116. “მან მითხრა: “დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია! ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია. კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! სხვა-და-სხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია”.

1117. “თვალთათ, ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი; ადგა ასე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი, ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი, მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

1118. “შეველ საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა, თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა, მიველ, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის კვდებოდა.

1119. “ვარქვი: “ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესეგვარი”. მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი მზისა დარი. ცნა მეფემან, მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი, იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

1120. “ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები; ვერ იჭირვებდეს სარანგნი, მუნ იყო არ-სიწყნარები. იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები, გაკრთომით უთხრა: “ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?”

1121. “ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად; მეფემან ბრძანა: “გამხადა ნახული მე უნახველად; ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად! მართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს, ახ, ველად!”

1122. “გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა; “მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?” მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა; თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.

1123. “არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა; სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა; ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა, მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!