ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

1124. “მეფე ბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩვენი რით იხსნების? ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების: ან ვისიმე მიჯნურია, სიყვარული ეგონების, მისგან კიდე არვისად სცალს, არცაღა ვის ეუბნების.

1125. “ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი; ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც, ვითა ტრედი.

1126. “ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახვედრო ესე მზე, იმისთვის დამზადებული; მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული, მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული”.

1127. “ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა, მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

1128. “მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა, მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა, დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა, მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

1129. “მეფემან ბრძანა: “მოკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა”. დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

1130. “უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისა; ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად; უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად, სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისა.

1131. “გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი, ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: “რა ბედი მიც ჩემი მკლველი! სადაური სად მოსულ ვარ, ვის მივხვდები, ვისთვის ხელი, რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!”

1132. “კვლვაცა იტყვის: “ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა; ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მო-ცა-მრიოს ჩემსა მტერსა; სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!”

1133. “ხადუმნი უხმნა, უბრძანა: “ისმინეთ, მოდით ცნობასა! მოღორებულხართ, მომცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა, მომცთარა თქვენი ხელმწიფე, ჩემსა თუ ლამის სძლობასა, ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.

1134. არ ვარგვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია; მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო-ტანია! სხვასა რას მნუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია! თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.

1135. “უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა; ესე სჯობს, მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დავიწყებთ ნანასა”.

1136. “შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი, მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი; მისცა, უთხრა: “გამომიღეთ, გეაჯები გულ-მხურვალი, მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი”.

1137. “მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა, დავიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა. ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

1138. “რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი, ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, სხვანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი, დარჩა მთვარე გავსებული, გველისაგან ჩაუნთქმელი.

1139. “მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა. ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა. გაველ, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა, მეცა განა! შინა ყოლა არ შემომყვა: “რად მაწვეო?” შემანანა.

1140. “მიბრძანა: “თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა; მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა! ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა, ვირემდის ცნობდეს ხელმწიფე, კაცსა მომწევდეს რბენითა”.

1141. “შეველ ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი, შევუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ მოკვნესი. ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უზეშთესი, წახდა ჩემი ჭირნახული; ვერ მოვიმკე, რაცა ვსთესი.

1142. “დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი, მოიცვეს შიგა ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი; მე მკითხეს, ვარქვი: “თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი, მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!”

1143. “მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი, მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი. დახედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი, მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე-კლებულნი.