ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

1144. “მის მთვარისა სადაობა კვლავ გიამბო, საქმე კვლაცი; აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი: ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, არ მაცვია თუცა ფლასი, ნეტარძი ვინ სისხლი მისი შეახვრიტა ერთი თასი!

1145. “ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად, ხელურად: ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად. გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად, აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად!

1146. “დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა. ოდეს გიხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა; მოსრულიყო, მოსლვა ეთქვა; შენცა მოხვე, შემეშინა, ამად გკადრე: “ნუ მოხვალო”, მოგაგებე მონა წინა.

1147. “აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით; შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით; ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით, იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

1148. “თუცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა, შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა; მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა, შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!

1149. “მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, – მადლსა გკადრებდე მე რასა, – რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა! აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა, აღარ ვიშიშვი სიკვდილისა, ჰაი, ჩავიჭერ მე რასა!”

1150. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია: მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია. არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია, ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

1151. “იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაგზავნე შენ ოდეს, რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს”. კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლავ თვალთა ცრემლი სდენოდეს: წარხდესო შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!”

ნესტან-დარეჯანისა ქაჯთგან შეპყრობისა. ფატმანისაგან მბობა ავთნდილთანა

1152. ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე, შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე; პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სადარე; მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი, სად არე!

1153. ფატმან იტყვის: “მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა. სიცოცხლე და სულ-დგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა. მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა.

1154. “სახლი და შვილი მომძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა, მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა; უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა, ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1155. “დღესა ერთსა, საღამო-ჟამ, ჩასლვა იყო ოდენ მზისა, წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა; ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა, ვთქვი: კრულია ზენაარი ყოვლისავე მამაცისა.

1156. “მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყვსითა სამითა, მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა; სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა, სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

1157. “მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; თქვეს: ”ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით, არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით, ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით”.

1158. “მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმა დაგითესია, ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.

1159. “მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა: მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა, აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

1160. “დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან დაჲ ერთი როდია, აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის მორჭმული სწოდია.

1161. “გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა, ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა? როშაქ მოყმეა, თავადი მონათა ბევრ ათასისა.

1162. “როშაქ ბრძანა: “მო-ცა-ვინ-მკლავს, მე ტირილსა არ დავხვდები. მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები, მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები”.