ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

ამბავი ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურებისა

1028. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა, იტყვის: “რა ვქმნა, რა მერგების!” აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.

1029. “მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს; თუ არ ვუთხრა, რაგვარ გავსძლო?! ცეცხლი უფრო გამიხშირდეს! ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს; მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს”

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო

1030. დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი, მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი, მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარხეველი, უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი.

1031. “ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად, მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად, ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად, მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს, დასაქადებლად.

1032. “შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან: ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან! შენი შვენება ყვავილთა აჭნობს და ჩემნიც ჭნებიან, სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.

1033. “ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა, მაგრა რა ვირგო, დღე-კრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა, გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა, თუ რას მეწევი, მეწიე, თვარა მივხდები ცნობასა!

1034. “მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს, ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგიდიოდეს, მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს, სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარძი, ოდეს!”

1035. ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი; ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა, ანუ თვისი! თქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი, რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რათ ვამსგავსო მე მას ისი!”

1036. თქვა: “ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია! მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია. უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია, რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”

1037. ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა; მერმე იტყვის: “ჩემგან შემწე ჩემი კიდე არავინ-ა; რასათვისცა გამოჭრილვარ, მისი ძებნა რადგან მინა, რათამცა ვით ვჰპოებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა ისმინა!

1038. “ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა; მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა; მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავ ალთა, ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა”.

1039. კვლა იტყვის: “ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების, მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების; ბინდის გვარია სოფელი, ეს თურ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!”

წიგნი ავთანდილისა ფატმანთანა პასუხად მიწერილი

1040. მიგეწერა: “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება. შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება; შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება, შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება”.

1041. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე! მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე, აწ ვიქმნები თავისწინა, აქა მპოვებ მარტო სამე, მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.

1042. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წა-ცა-ვიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა: “ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა”. მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა თუ: “ჰგავსო ეგე რასა!”

1043. წვეული აღარ დაბრუნდა, კვლა ზევე უკუწვევითა. ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა, დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა, შე-ვითა, ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1044. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი; შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი, შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ-დარაკიანი, დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ, ჰგავსო თუ გზაა კლდიანი.