... (A-855), XIX ს.

1098. ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა ყოველნი სწორად დავიწყებთ, კაზმასა ლამაზობასა დიდსა შეიქმან მეფენი, პურობა დარბაზობასა

1099. ჩვენ დიდვაჭართა ზედა გვაც, დარბაზს მიღება ძღვენისა მათ საბოძვრისა ბოძება, ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა ათ დღემდის ისმის ყოველგან, ხმა წინწილისა ებნისა მოედანს მღერა ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა

1100. ქმარი ჩემი დიდვაჭართა, წაუძღვების უსენ წინა მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინა დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა

1101. დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით ჩვენ მივართვით მათ გვიბოძეს, ავავსენით ავივსენით ჟამიერად მხიარულნი, წამოვედით ნებით ჩვენით კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით

1102. ბაღსა შიგან თამაშობად, საღამოსა გაველ ჟამსა გავიტანე ხათუნები, მათი ჭმევა ჩემგან ხამსა მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე თმასა

1103. იქ ბაღსა შიგან ტურფანი, სახლნი ნატიფად გებულნი მაღალნი ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი

1104. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან, უმასპინძლე ამოდ დურად სმასა ზედა უმიზეზო, გავხე რამე უგემურად რა შემატყვეს გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად მარტო დავრჩი სევდა რამე, შემომექცა გულსა მურად

1105. უკმოვახვენ სარკმელნი და, შევაქცივე პირი გზასა ვიხედვიდი ვიქარვებდი, კაეშნისა ჩემგან ზრდასა შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა მფრინველად ვთქვი ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა

1106. მე შორიდან ვერად ვიცან, მომეახლა იყო ნავი ორთა კაცთა ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი იქით აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი გამოვიდეს გამიკვირდა, იგი უცხო სანახავი

1107. გამოზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა მიიხედეს მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო სადა ვინა ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა მე იდუმალ ვიხედვიდი, სულღებული ვიყავ შინა

1108. მით ნავიდაღმან მათ რომე, გარდმოსვეს კიდობანითა აჰხადეს ქალი გარდმოჰხდა, უცხოთა რამე ტანითა თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა

1109. რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა ღაწვთა მისთა ელვარება, ელვარებდა ხმელთა ზესა დავიწუხენ თვალნი ყოლა, ვერ შევადგენ ვითა მზესა უკმოვიხარშ კარი ჩემგან, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა

1110. მოვიჴმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი უჩვენე ხედავთ ჰინდოთა, ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი ჩაეპარენით ჩაედით, წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი მოგყიდონ ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მდომელნი

1111. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დაჰხოცენით მოიყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად ეცადენით ჩემნი ყმანი ზედადაღმა, ჩაეპარნეს ვითა ფრენით დაევაჭრნეს არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით

1112. მე სარკმელთა გარდავადეგ, რა შევიგენ არ მოჰყიდეს შევუზახენ დახოცენით, დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა სცვიდეს ჩავეგებე გამოვგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს

1113. რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე რა ნაზობა ვფიცავ რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქნა ნახაზობა მე თუ დამწვავს აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა

1114. ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გაჰხდეს ვითა ხელნი ღვარმან ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი

1115. მოიტირეს ყმამან უთხრა, ნუღარ გასწყვედ გაასრულე ფატმან იტყვის მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე გავესულე

1116. ვჰკადრე მითხარ ვინ ხარ მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა იმა ზანგთა სით მოჰყვანდი, შენ პატრონი ცისა ხომთა მან პასუხი არა მითხრა, მე სიტყვათა ესე ზომთა ასნაკეცი წყარო ვნახე, ცრემლთა მისთა მონაწთომთა

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის კითხვა და მეცნიერობის შეტყობის ნდომა