ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

1067. “ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა, დაბრუნვებითა გუეცემის ზიანი არ საზომისა; შევიდეთ, ვაჲ თუ დაგვჴოცონ, ძალი არა გუაქუს ომისა, ვერც ვდგავართ, ვერცა წავსრულვართ, ღონე წაგუსულია რჩომისა”.

1068. ყმამან უთხრა: “ვინცა სჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცდების! რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგუცდების; მე მივინდობ სისხლთა თქუენთა, შემოვისხამ, დაცამწუთდების, ვინცა გებრძვის, ჴრმალი ჩემი მბრძოლთა თქუენთა დააცვთების”.

1069. მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა, თქუეს: “ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა; აქუს თავისაგან იმედი, ვიყუნეთ გულითა მშვიდითა”. შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა.

1070. სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა. მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა. გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა, მას ნავსა ნავთა სალეწად საჴნისი ჰგია ძელითა.

1071. კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა; შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა; ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქუენ იმათსა სიალფესა, ანუ დავჰჴოც იმ ყუელასა, ან სიკუდილი ჩემი დღეს- ა.

1072. “უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ჴმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახუარნია ჩემთჳს მზანი; ვერ მიჴსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყუასნი, ვერცა ძმანი, ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1073. “თქუენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგჴოცნენ, ჩაიჴრჩენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევიბა, ვით ვიჴმარნე ლომნი მკლავნი! ღმერთსა უნდეს, მეკობრითა სისხლნი ნახოთ მონაღვარნი”.

1074. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა. მას ჴელთა კეტი რკინისა ჰქონდა ჴელითა ცალითა; ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა, ვითა მჭურეტელნი ჭურეტითა, მტერნი დაჴოცნა ჴრმალითა.

1075. კიოდეს იგი ლაშქარნი, ჴმა მათი არ გაწყდებოდა, აძგერეს ძელი, რომელსა ზედა საჴნისი ჰგებოდა; ყმა ნავის თავსა უშიშრად ქუე დგა, არ თურე ჰკრთებოდა, კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, სხუით არად არ მოსტყდებოდა.

1076. ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავ დაულეწელი; შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი; ვეღარ გარდესწრნეს, გარდუჴდა მტერთა მიდამო მლეწელი; არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.

1077. მათ ლაშქართა გულ უშიშრად ასრე ჰჴოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა; ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; დაკოდილნი მკუდართა შუა იმალვიან, მალვენ ჴმასა.

1078. გაუმარჯუდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: “ნუ დაგუჴოცო, შენსა სჯულსა!” არ დაჴოცნა, დაიმონნა, დარჩომოდა რაცა წყლულსა. მართლად უთქუამს მოციქულთა: “შიში შეიქმს სიყუარულსა”.

1079. კაცო, ძალსა ნუ იკუეხი, ნუცა მოჰკუეხ ვითა მთურალი! არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი; დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი, ღმერთი გუფარავს, სწორად გაჰკუეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ჴრმალი.

1080. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა, ნავი ნავსა შეატყუბნა, ქარავანსა დაუზახნა. უსამ ნახა მხიარულმან, გაეხარნეს, არ იახნა, ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.

1081. ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა უნდა! ვერცა მათ თქუეს, ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა; ქარავანმან იზრიალა, თქუეს: “უფალო, მადლი შენდა! მზემან შუქნი შემოგუადგნა, ღამე ბნელი გაგუითენდა”.

1082. მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერჴთა, ჴელსა; ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა, მისი ჭურეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა,– შენგან დავრჩით ჩუენ ყოველნი ფათერაკსა ეზომ ძნელსა”.

1083. ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხედსა, ვისცა ძალნი ზეციერნი გააგებენ აქა ქნადსა, იგი იქმან ყუელაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა; ჴამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

1084. “ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქუენ გათნია სისხლი თქუენი. მე, გლახ, რა ვარ? - მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქენი? აწ დავჴოცენ მტერნი თქუენნი, გავასრულენ, რაცა ვთქუენი; ნავი სავსე საქონლითა მამიღია, ვითა ძღვენი”.

1085. ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს, ამხანაგთათჳს ეჯობნოს, ვინცა მას თანა ხლებოდეს. მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს, ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს.

1086. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არა ხვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათუალეს! მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს; დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.