ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

911. მწვადი შეწვეს შეიქმნა: პურობა მგზავსი ჟამისა჻ მუნ უპურობა პურობა: არს სიდიადე ჯამისა჻ მას შეეხვეწნეს ჭამეო: ძალი არ ჰქონდა ჭამისა჻ გაცოხნის ლუკმა გასტყორცის: წონა ძლივ ჩანთქის დრამისა჻

912. ამოა რომე კაცი კაცს: ამოსა ეუბნებოდეს჻ მან გაუგონოს რაცა თქუას: არ ცუდად წაუჴდებოდეს჻ ცოტად ეგრეცა დაგვავსებს: ცეცხლი რაზომცა სდებოდეს჻ დიდი ლხინია ჭირთა თქმა: თუ კაცსა მოუჴდებოდეს჻

913. მას ღამესა ერთგან იყუნეს: იგი ლომნი იგი გმირნი჻ იუბნეს და გააცხადეს: თავისთავის მათნი ჭირნი჻ რა გათენდა კულავ დაიწყეს: საუბარნი სიტყუა ჴშირნი჻ ერთმანეთსა გაუგონეს: ფიცი პირველ დანაპირნი჻

914. ტარიელ ეტყჳს რად უნდა: სიტყჳსა თქმა მრავალისა჻ რაცა შენ ჩემთვის გიქნია: ღ~თია მზღველი ვალისა჻ კმა ზენაარი ზენარად: არ ნაქმარია მთრუალისა჻ არ დავიწყება მოყვრობა: მოყურისა წამავალისა჻

915. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ: კულავ წვითა უცხელესითა჻ მე რომე ცეცხლი მედების: არ ნაგზებია კვესითა჻ ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი: სოფლისა ქნისა წესითა჻ წადი დაბრუნდი შეიქეც: მუნითვე შენი მზე სითა჻

916. ვინ დამბადა განკურნება: ჩემი უჩანს მასცა ძნელად჻ ვისცა გესმის გაიგონეთ: მით გაჭრილვარ ჴელი ველად჻ რაცა მართებს გონიერთა: ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად჻ აწ ნობათი ხელობისა: მამხვდომია მით ვარ ხელად჻

917. ავთანდილ ეტყჳს რა გითხრა: პასუხი მაგა თქმულისა჻ შენვე სთქჳ ეგე სიტყუაო: კაცისა ბრძნად სწავლულისა჻ ღ~თსამცა ვით არ შეეძლო: კულავ განკურნება წყლულისა჻ იგია მზრდელი ყოვლისა: დანერგულ დათესულისა჻

918. ღ~თსამცა ესე რად ექმნა: ეგეთნი დაებადენით჻ აღარ შეგყარნა გაგყარნა: ხელი გქმნა ცრემლთა დადენით჻ სდევს ფათერაკი მიჯნურსა: გასჭვრიტეთ გაიცადენით჻ თქუენ ერთმანერთი არ მოგხვდეს: მე სულნი ამომჴადენით჻

919. ნეტარ მამაცი სხვა რაა: არ გასძლოს რაცა ჭირია჻ ჭირსა გადრეკა რად უნდა: რა სასაუბრო პირია჻ ნუ გეშის ღ~თი უხვია: თუცა სოფელი ძვირია჻ რაცა მიწვრთიხარ იწვართე: გკადრო უწვრთელი ვირია჻

920. თუ რა გესმის გაიგონე: ესე კმაა სწავლა სწავლად჻ ჩემსა მზესა დავეთხოვე: თქუენს წინაშე წამოსავლად჻ მოვახსენე რათგან ჩემი: შეუქმნია გული ავლად჻ არას ვარგებ არ დავდგები: სხვა ვიუბნა რაღა მრავლად჻

921. მან მიბრძანა მადლიერ ვარ: კარგად ხარ და მამაცურად჻ შენგან მისსა გავლენასა: მე დავიჩენ სამსახურად჻ მისის კითხვით წამოსრულვარ: არ მთვრალ ვარ და არ მახმურად჻ აწ შევიქცე რა უამბო: რად მოხველო ჯაბან ჴდლურად჻

922. მაგ საუბარსა ესე სჯობს: ისმინე ჩემი თხრობილი჻ მქნელი საქმისა ძნელისა: კაციმცა იყოს ცნობილი჻ ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა: ვარდი უმზეოდ ჭკნობილი჻ შენ ვერას ირგებ მე მარგებ: ძმა ძმისა უნდა ძმობილი჻

923. სადაცა გწადდეს მუნ იყავ: მითვე წესითა მაგითა჻ გწადდეს გულითა ბრძენითა: გწადდეს ცნობითა შმაგითა჻ მაგა ქცევითა ტურფითა: ანაგებითა ნაგითა჻ ოდენ გამაგრდი არ მოჰკუდე: არ დასდნე ცეცხლთა დაგითა჻

924. ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მგზეფსა჻ აქავ ქვაბსა მამნახვიდი: მე ამბავსაა ყოვლგნით მკრეფსა჻ ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ: დროსა ამას ვარდ იეფსა჻ ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს: მართ ვითამცა ძაღლი ჰეფსა჻

925. ამა დროსა გარდავსცილდე: აქა ქვაბსა არ მოვიდე჻ ცან ცოცხალი არ თურე ვარ: უღონიოდ მოვჰკვე კიდე჻ ესე მისად ნიშნად კმარის: შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე჻ მაშინ გწადდეს იხარებდი: გწადდეს ჭმუნვა გაადიდე჻

926. აწ რაცა გკადრე ამისთვის: ნუთუ შენ იყო მჭმუნავი჻ მოგშორდები და არ ვიცი: თუ ცხენი დამცემს თუ ნავი჻ არ უთქმელობა არ ვარგა: არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი჻ არ ვიცი ღ~თი რას მიზამს: ანუ ცა მიწყივ მბუნავი჻

927. მან უბრძანა აღარ გაწყენ: არცა სიტყვა გამიმეტდეს჻ არ მამისმენ რაზომიცა: საუბარი მიდიადდეს჻ თუ არ მოგყვეს საყვარელი: შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს჻ ბოლოდ ყოვლი დამალული: საქმე ცხადად გამოცხადდეს჻

928. არ დაიჯერო მაშინ სცნა: ჩემთა საქმეთა ძნელობა჻ ჩემთვის ყველაი სწორია: გაჭრა და გაუჭრელობა჻ შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ: მრჯის რაზომ გინდა ხელობა჻ უშენოდ მამხვდეს რაღა ვჰქნა: არ დია დღეთა გრძელობა჻

929. საუბარი გარდასწყვიტეს: დააპირეს ესე პირი჻ ცხენსა შესხდეს მოიარეს: თვითო მოკლეს ველს ნადირი჻ შემოიქცეს აატირეს: გული კვლაცა ანატირი჻ ხვალ გაყრისა გონებამან: სხვა უმატა ჭირსა ჭირი჻

930. ლექსთა მკითხველნო თქვენიმცა: თვალი ცრემლისა მღვრელია჻ გულმან გლახ რა ქნას უგულოდ: თუ გული გულსა ელია჻ მოშორვება და მოყვრისა: გაყრა კაცისა მკვლელია჻ ვინცა არ იცის არ ესმის: ესე დღე როგორ ძნელია჻