ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

962. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო: რად ხართ ჩემთვის გულ მოკლულნი჻ ანუ ეგრე ვით გეკეთნეს: ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი჻ თქვენმცა მაშინ გენახენით: ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი჻ ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენით: ჩვენგან სხდიან მხიარულნი჻

963. იგი წავიდა დაბრუნდა: ყმა გზასა თავის წინასა჻ ვისი გავს ტანი საროსა: და ვისი გული რკინასა჻ მიაცურვებს და მიუბნობს: მოსთქვამს მისსავე ლხინასა჻ ნარგისი ქუხან ცრემლსა სწვიმს: ჩარცხის ბროლსა და მინასა჻

964. ვინცა გზას ნახნის უცხონი: მსახურებდიან ჰყმობდიან჻ მოვიდოდიან საჭვრეტლად: მას ზედა სტრფიალობდიან჻ ეძნელებოდის გაშვება: გაყრასა ძლივ დასთმობდიან჻ გზის ყულაოზი მისციან: ჰკითხის რა უამბობდიან჻

965. მულღაზანზარს მიეახლა: ადრე დალევს გზასა გრძელსა჻ მინდორს ნახა სპა ლაშქართა: და ნადირთა ჰგვანდეს მსურელსა჻ ყოვლგნით ალყა შემოეკრა: მოსდგომოდეს გარე ველსა჻ ისურიან და იზახიან: მჴეცთა სჭრიან ვითა მჭელსა჻

966. კაცი ემთხვია მას ჰკითხა: ამბავი მის ლაშქარისა჻ უბრძანა ისი ვისია: ჴმა ზათქისა და ზარისა჻ მან უთხრა ფრიდონ ჴელმწიფე: მეფე მულღაზანზარისა჻ იგი ნადირობს შეუკრავს: ნაპირი ველ შამბნარისა჻

967. მათ ლაშქართაკენ წავიდა: მით უსახოთა ქცევითა჻ გამხიარულდა შვენება: მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა჻ მისთა შემყრელთა დააზრობს: შემყრელთა დასწვავს მზე ვითა჻ ნახვა მჭვრეტელთა აახლებს: ტანი ლერწამობს ხე ვითა჻

968. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა: ორბი სითმე გარდმოფრინდა჻ ყმამან ცხენი შეუტევა: გაამაყდა არ შეშინდა჻ შესტყორცნა და ჩამოაგდო: დაეცა და სისხლი სდინდა჻ გარდაჴდა და ფრთენი დასჭრნა: წყნარად შეჯდა არ აქშინდა჻

969. იგი რა ნახეს მესროლნი: სროლასა მოეშლებოდეს჻ ალყა დაშალეს მოვიდეს: მოეხვეოდეს ბნდებოდეს჻ იქით და აქათ უვლიდეს: ზოგნი უკანა ჰყვებოდეს჻ ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო: ვერცა რას ეუბნებოდეს჻

970. მინდორსა შიგან გორი დგა: ფრიდონ მას ზედა დგებოდა჻ ღირსი მას თანა სროლასა: ორმოცი კაცი ხლებოდა჻ მუნ დაემართა ავთანდილ: მას თანა ყოლბი ჰყვებოდა჻ ფრიდონს უკჳრდა რა ქნესო: მისთა სპათათვის წყრებოდა჻

971. ფრიდონ მონა გამოგზავნა: წა ნახეო ისი სპანი჻ რა ქნეს ალყა რად დაშალეს: სად წადიან ვითა ბრმანი჻ მონა ფიცხლავ მოეგება: ნახა სარო მორჩი ტანი჻ დადგა თვალნი გაურეტდა: დაავიწყდეს სიტყჳს თქმანი჻

972. ავთანდილ ცნა თუ ისია: მოამბედ ჩემად რებული჻ უთხრა რქჳ შენსა პატრონსა: ეს ჩემი დავედრებული჻ ვარ უცხო ვინმე ღარიბი: სამყოფთა მოშორვებული჻ ძმად ფიცი ტარიელისა: თქვენს წინა მომგზავრებული჻

973. მონა წავიდა ფრიდონის: თხრობად ამბვისა მისისად჻ უთხრა მზე ვნახე მოსრული: ჩანს მანათობლად დღისისად჻ ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ: თუ ბრძენთა ნახონ ისი სად჻ ვარ ძმაო ტარიელისა: შეყრად ფრიდონის მქისისად჻

974. რა ტარიელ მოისმინა: ფრიდონს ჭირი უსუბუქდა჻ თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს: გული უფრო აუჩუქდა჻ მონაქროლმან ვარდი დაზრა: წამწამთაგან ბუქი ბუქდა჻ შეიყვარნეს ერთმანერთი: მათგან იქო არ გაუქდა჻

975. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო: ჩაეგება ფრიდონ წინა჻ რა შეხედნა და ესე თქუა თუ: არ მზეაო ისი ვინა჻ მას მეტობდა რაცა ქება: მონისაგან მოესმინა჻ ერთმანერთსა გარდაუჴდეს: ლხინმან ცრემლი აფრქევევინა჻

976. მოეხვივნეს ერთმანერთსა: უცხოობით არ დარიდონ჻ თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და: მოეწონა ყმასა ფრიდონ჻ რა მჭვრეტელთა იგი ნახონ: მზე მათთანა გააფლიდონ჻ მამკალ ბაზარს სხვა მათებრივ: ივაჭრონ რა ანუ ჰყიდიონ჻

977. ფრიდონისებრნი მოყმენი: ვინმცა ვით ვინ ეგებიან჻ მაგრა მას ახლვან ქებანი: მართ მეტი არ მიხვდებიან჻ მზე უჩინო იქს მნათობთა: რა ახლოს შეიყრებიან჻ დღისით ვერ ნათობს სანთელი: და ღამით შუქნი ჰკრთებიან჻

978. ცხენთა შესხდეს გაემართნეს: ფრიდონისსა მივლენ სრასა჻ დაიშალა ნადირობა: მოეშალნეს მჴეცთა სრვასა჻ ავთანდილის ჭვრეტად სპანი: იქი აქათ იქმან ჯრასა჻ თქუეს ასეთი ჴორიცელი: შეუქმნია რაგვარ რასა჻

979. ყმა ფრიდონს ეტყჳს ისწრაფი: ვიცი ამბისა თხრობასა჻ გიამბო ვინ ვარ სით მოვალ: ვინადგან ლამი ცნობასა჻ ანუ სით ვიცნობ ტარიელს: ანუ რად ვიტყჳ ძმობასა჻ იგი ძმად მიჴმობს ძმა ხარო: თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა჻

980. მე ვარ ყმა როსტან მეფისა: მოყმე არაბეთს ზრდილობით჻ დიდი სპასპეტი სახელად: მიჴმობენ ავთანდილობით჻ ძე დიდებულთა დიდ გვართა: ზრდილი მეფეთა შვილობით჻ საკრძალავი და უკადრი: მყოფი არვისგან ცილობით჻

981. დღესა ერთსა მეფე შეჯდა: ნადირობას გამოვიდა჻ მინდორს ვნახეთ ტარიელი: ცრემლთა ღვრიდა ველთა რწყვიდა჻ გაგვიკვირდა გვეუცხოვა: ვაწვიეთ და არ მოვიდა჻ ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით: მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა჻