ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

982. მეფემან სპანი შეპყრობად: შეუზახნა და სწყრებოდა჻ მან უჭირველად დაჴოცა: ომი არ მისჭირდებოდა჻ ზოგსა მჴარ თეძო დალეწა: და ზოგთა სული ხდებოდა჻ მუნღა ცნეს ეტლი მთვარისა: რომე არ დაბრუნდებოდა჻

983. მან სპათაგან ვერ შეპყრობა: ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა჻ თვით შესხდეს და შეუტივეს: ამაყთა და არას მკრთალთა჻ რა ტარიელ მეფე იცნა: მუნღა დაჰკრთა მათთა ჴრმალთა჻ ცხენსა მისცნა სადავენი: დაგვეკარგა წინა თვალთა჻

984. ვძებნეთ და კვალი ვერ ვჰპოვეთ: დავჰწამეთ ეშმაურობა჻ მეფე დაჭმუნდა დაშალა: სმა ნადიმობა პურობა჻ მე ვეღარ გავსძელ მისისა: ამბისა არ დასტურობა჻ გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა჻

985. იგი ვძებნე წელსა სამსა: არ ვიამე არცა ძილი჻ მათ მასწავლეს ხატაველნი: ვნახენ მისგან დაკოდილი჻ ვჰპოვე ვარდი მოყჳთანე: შუქ მკრთალი და ფერ მიხდილი჻ შემიტკბო და შემიყუარა: ვითა ძმა და ვითა შვილი჻

986. ქვაბნი წაუხმან დევთათვის: სრულად გამესისხლებია჻ მუნ ასმათ ახლავს მარტოსა: სხვა არვინ უახლებია჻ მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს: არ ახალ არ ახლებია჻ ვაი მართებს მისსა გაყრილსა: შავი ხლა თავსა ხლებია჻

987. ქალი მარტო ქვაბსა შინა: ტირს მტირალი ცრემლ ნაწთომი჻ ყმა ნადირსა უნადირებს: ლომის ლეკვსა ვითა ლომი჻ მიართვამს და იმით არჩენს: იგი ერდგან ვერ დამდგომი჻ მისგან კიდე სანახავად: არა უნდა კაცთა ტომი჻

988. მე უცხოს უცხო მანატრა: მოსმენა სანატრელისა჻ მითხრა ამბავი მისი და: მისისა სასურველისა჻ რა ჭირნი დასთმნა ვერ იტყვის: აწ ენა ესე ჴელისა჻ ჰკლავს სურვილი და ვერ ნახვა: მისისა სასურველისა჻

989. ვითა მთვარე დაუდგრომლად: იარების არ დადგების჻ მასვე ცხენსა შენეულსა: ზის აროდეს გარდაჴდების჻ არას ნახავს პირ მეტყველსა: ვით ნადირი კაცთა ჰკრთების჻ ვაი მე მისსა მგონებელსა: ვაი მას ვინცა მისთვის კვდების჻

990. მის ყმისა ცეცხლი მედების: დამწვა ცეხლითა მისითა჻ შემებრალნეს და გავშმაგდი: გავჴე გულითა ხელითა჻ მამინდა მისთა წამალთა: ძებნა ზღვითა და ჴმელითა჻ შევიქეც ვნახენ მეფენი: მყოფნი გულითა მქისითა჻

991. დავეთხოვე და გამიწყრა: მეფე მიეცა ჭმუნვასა჻ დავყარენ ჩემნი ლაშქარნი: მით იძახიან მუნ ვასა჻ გამოვეპარე დავეხსენ: სისხლისა ცრემლთა წურვასა჻ აწ ვეძებ მისთა წამალთა: ვიქ იქით აქათ ბრუნვასა჻

992. შენი მან მითხრა ამაბავი: მისგან ძმობისა შენისა჻ აწ მიპოვნიხარ უებრო: შენ საქებელი ენისა჻ გამომირჩიე სით მიჯობს: ძებნა მის მზისა ზენისა჻ მისთა მჭვრეტელთა ლხინისა: ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა჻

993. აწ ფრიდონ იტყჳს სიტყვითა: მის ყმისა ნაუბარითა჻ ორნივე სწორად მოსთქმიდეს: მოთქმითა საქებარითა჻ გულ ამოსკვნილნი გულითა: ტირან ვერ დამთმობარითა჻ მუნ ვარდსა წყლითა ცრემლითა: რწყვენ ტევრთა საგუბარითა჻

994. ლაშქართა შიგან შეიქმნა: ჴმა ტირილისა დიდისა჻ ზოგთაგან ხოკა პირისა: ზოგთაგან სრევა ქედისა჻ ფრიდონ ტირს მოთქვამს ჴმა მაღლად: გაყრილი წლისა შვიდისა჻ უხანობა და სიცრუე: ვაი საწუთროსა ფლიდისა჻

995. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ: ვერ საქებო ვერ სათქმელო჻ ჴმელთა მზეო სამყაროსა: მზისა ეტლთა გარდამხმელო჻ მხლებელთა სალხინოო: სიცოცხლეო სულთა მდგმელო჻ ცისა ეტლთა სინათლეო: დამწველო და დამანთქმელო჻

996. რა მოგეშორვე მას აქათ: სიცოცხლე მამძულვებია჻ თუცა შენ ჩემად არა გცალს: მე შენთვის მამსურვებია჻ შენ უჩემობა ლხინად გჩანს: მე დია მიმჭირვებია჻ ოჴერ სიცოცხლე უშენოდ: სოფელი გამარმებია჻

997. ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი: მოთქმითა შვენიერითა჻ გული დაიღეს დადუმდეს: მივლენ არ თურე მღერითა჻ ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს: ჭურეტითა აერ ფერითა჻ მელნისა ტბათა მიჯარვით: ბურავს გიშრისა ჭერითა჻

998. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა: სრა მოკაზმული სრულითა჻ საჴელმწიფოთა ყოვლითა: გასაგებლითა სრულითა჻ მონანი ტურფად მოსილნი: წესითა იყვნეს სრულითა჻ შეჰფრფინევდიან ავთანდილს: გულითა სულ წასრულითა჻

999. შევიდეს და დიდი შექმნეს: ჯალაბობა არ ხალვათი჻ იქით აქათ დიდებულნი: წარიგებით ათჯერ ათი჻ თვით ორნივე ერთგან დასხდეს: ვინმცა ვინ თქვას ქება მათი჻ ბროლ ბალახშსა აშვენებდა: ზოგან მინა ზოგან სათი჻

1000. დასხდეს შეიქმნა პურობა: გაამრავლებდეს მახალსა჻ უმასპინძლებდეს ავთანდილს: ვითა მძახალი მძახალსა჻ მოიღებდიან ჭურჭელსა: ტურფასა ახალ ახალსა჻ მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა: გული მიეცა გლახ ალსა჻

1001. მას დღე სვეს ჭამეს გარდახდა: ნადიმი მსმელთა ჯარისა჻ გათენდა ბანეს ავთანდილ: რიცხვი ძეს მუნ ატლასისა჻ შესამოსელი შემოსეს: დრაჰკნისა ბევრ ათასისა჻ შეარტყეს წელთა სარტყელი: დაუდებელი ფასისა჻