ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

931. დილა გათენდა შესხდეს და: მას ქალსა გაესალამნეს჻ ტარიელ ასმათ ავთანდილ: თვალთაგან ცრემლნი ალამნეს჻ სამთავე ღაწუთა ალამნი: არღავნის ფერად ალამნეს჻ მათ ლომთა მიწყივ მჴეცქმნილთა: თავნი მჴეცთანა ალამნეს჻

932. ქვაბი ჩავლნეს და წავიდეს: ტირილით ცრემლთა მდენანი჻ ასმათ ტირს მოთქვამს ჰე ლომნო: ვისნი ვით მოგთქმენ ენანი჻ მზემან დაგუწვა და დაგდაგნა: ცისა მნათობნი ზენანი჻ ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი: ვაი სიცოცხლისა თმენანი჻

933. მათ ყმათა მუნით წასულთა: იგი დღე ერთად იარეს჻ ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს: არ ჴმელთა არე იარეს჻ არ გაიყარნეს მას ღამით: კვლავ ცეცხლი გაიზიარეს჻ ერთმანერთისა შორს ყოფა: იტირეს იმგლოვიარეს჻

934. ტარიელს ეტყჳს ავთანდილ: რუ გაჴმა ცრემლთა დენისა჻ რად მოიშორე შენ ფრიდონ: მამცემი ამა ცხენისა჻ მუნით იცნობის ამბავი: ღონე მის მზისა მშვენისა჻ აწ მე მუნ მივალ მასწავლე: გზა ძმად ფიცისა შენისა჻

935. ტარიელ სიტყჳთ ასწავლის: მჴრისა ფრიდონის გზასასა჻ მართ გააგონა რაც ოდენ: შეეძლო ძალსა თქმისასა჻ აღმოსავლითკენ წადიო: პირსა იარე ზღვისასა჻ თუ ნახო ჩემი უამბე: გკითხავს ამბავსა ძმისასა჻

936. თხა მოკლეს და მიითრიეს: ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა჻ სვეს და ჭამეს რაცა ჭამა: შეჰფერობდა მათსა ჭირსა჻ მას ღამესა ერთად იყვნეს: ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა჻ ვგმობ მუხთალსა საწუთროსა: ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა჻

937. ცისკრად ადგეს გასაყრელად: ერთმანერთსა მოეხვივნეს჻ მაშინ მათგან ნაუბარნი: დადნეს ვინცა მოისმინეს჻ თვალთა ვითა წყაროს თვალნი: ცრემლი ველთა მოადინეს჻ დიდხანს დგანან შეჭედილნი: მკერდი მკერდსა შეარკინეს჻

938. გაიყარნეს ტირილით და: პირსა ხოკით თმათა გლეჯით჻ ერთი აღმა ერთი დაღმა: უგზო მივლენ შამბთა ეჯით჻ ვირემ უჩნდა ერთმანერთი: იძახდიან პირსა ბღნეჯით჻ იგი ნახოს დაღრეჯილი: მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით჻

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა჻

939. ვაი სოფელო რაშიგან ხარ: რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა჻ ყოვლიმც შენი მონდობილი: ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა჻ სად წაიყვან სადაურსა: სად აღუფხვრი სადათ ძირსა჻ მაგრამ ღ~თი არ გასწირავს: კაცსა შენგან განაწირსა჻

940. ავთანდილ მისი გაყრილი: ტირს ჴმა მისწუდების ცათამდის჻ იტყჳს თუ ღვარი სისხლისა: კულაცა მდენია კულაცა მდის჻ აწ აგრე გაყრა ძნელია: ვით მაშინ შეყრა ცათამდის჻ კაცი არ ყუელა სწორია: დიდი ძეს კაცით კაცამდის჻

941. ველს მაშინ მჴეცნი ძღებოდეს: ცრემლითა მუნ ნატირითა჻ ვერ დაივსებდა საჴმილსა: იწვის ცეცხლითა ჴშირითა჻ კვლავ თინათინის გონება: ავსებს უფროვე ჭირითა჻ ბაგეთა ვარდი ანათობს: ბროლი ძოწისა ძირითა჻

942. ვარდი ჭკნებოდა ღვრებოდა: ალვისა შტო ირხეოდა჻ ბროლი და ლალი გათლილი: ლაჟვარდად გარდიქცეოდა჻ გამაგრებოდა სიკუდილსა: ამისთვის არ უმჴნეოდა჻ იტყჳს თუ ბნელი რას მიკჳრს რადგან დამაგდე მზეო და჻

943. მზესა ეტყჳს მზეო გიტყჳ: თინათინის ღაწვთა დარად჻ შენ მას გავ და იგი შენ გავს: თქუენ ანათებთ მთა და ბარად჻ ხელსა მალხენს ნახვა შენი: ამად გიჭვრეტ არ დამცდარად჻ მაგრა ჩემი რად დააგდეთ: გული ცივად გაუმთბარად჻

944. თვე ერთისა მოშორება: მზისა ზამთრის გაგვამცივებს჻ მე გლახ ორნი დამიყრიან: გული ამად რად არ ივნებს჻ მაგრა კლდესა არა შესწონს: არაოდეს არ ატკივნებს჻ წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს: გაჰკვეთს ანუ გაასივნებს჻

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნების თავის ბუნებასა჻

945. მიმავალი ცასა შესტირს: ეუბნების ეტყჳს მზესა჻ აჰა მზეო გიაჯები: შენ უმძლევთა მძლეთა მძლესა჻ ვინ მდაბალთა გაამაღლებ: მეფობასა მისცემ სვესა჻ მე ნუ გამყრი საყუარელსა: ნუ შემიცვლი ღამედ დღესა჻

ამას სევდიანთა ეტლად იტყჳან჻

946. მო ზუალო მამიმატე: ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა჻ გული შავად შემიღებე: სიბნელესა მიმეც ჴშირსა჻ შემოჰყარე კაეშანი: ტვირთი მძიმე ვითა ვირსა჻ მას უთხარ თუ ნუ გასწირავ: შენია და შენთვის ტირსა჻

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყჳან჻