... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

780. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ, ამა ჩემსა გაზრახულსა კაცი ბრძენი ვერ გასწირავს, მოყვარესა მოყვარულსა მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლათქმულსა სიცრუე და ორპირობა, ავნებს ხორცსა მერმე სულსა

781. რათგან თავია სიცრუე, ყოვლისა უბადობისა მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა არა ვიქ ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა მით ვისწავლებით მოგვეცეს, შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა

782. წაგიკითხავს სიყვარულსა, მოციქულნი რაგვარ სწერენ ვით იტყვიან ვით აქებენ, ცან ცნობანი მიაფერენ სიყვარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანი ამას ჟღერენ შენ არ სჯერხარ უსწავლელნი, კაცნი რადმცა შეაჯერენ

783. ვინ დამბადა შეძლებაცა, მანვე მომცა მძლევად მტერთად ვინ არს ძალი უხილავი, შემწედ ყოვლთა მიწიერთად ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად იგი გაჰხდის წამისყოფით, ერთსა ასად ასსა ერთად

784. რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი, ია ხმების ვარდი ჭკნების თვალთა ტურფა საჭვრეტელი, უცხო რადმე ეშვდინების მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით გეთნების

785. რაზომცა სწყრები შემინდევ, შეცვლა თქვენისა მცნებისა ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა, მე მაგისისა თნებისა აწ წასლვა იყო წამალი, ჩემთა სახმილთა გზნებისა სადა გინდ ვიყო რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა

786. არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად, მომავალი საქმე ზენა წესი არის მამაცთაგან, მოჭირვება ჭირთა თმენა არვის ძალუცს ხორციელსა, განგებისა გარდავლენა

787. რაცა ღმერთსა გაუგია, თავსა ჩემსა გარდასავლად გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად თქვენვე გნახნე მხიარულნი, დიდებით და დავლამრავლად მას რა ვარგო ესე ჩემთვის, დიდებად და კმარის დავლად

788. მეფეო ესე თათბირი, მომკალ ვინ დამიწუნოსა მეფეო ნუთუ წასვლამან, თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ, საქმესა საძაბუნოსა პირისპირ მარცხვენს ორნივე, მივალთ მას საუკუნოსა

789. არ დავიწყება მოყვრისა, აროდეს გვიზამს ზიანსა ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა ვერ ვეცრუები ვერ ვუზამ, მას ხელმწიფესა მზიანსა რა უარია მამაცსა, სულდიდსა წასლვაგვიანსა

790. რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირისმხმეჭელსა შედრეკილ შეშინებულსა, და სიკვდილისა მეჭველსა კაცი ჯაბანი რათა სჯობს, დიაცსა ქსლისა მბეჭველსა სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა

791. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა, გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი მისგან გასწორდეს ყოველნი, სუსტი და ძალგულოვანი ბოლოდ შეყარნეს მიწამან, ერთგან მოყმე და მხცოანი სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი

792. მერმე ვიშიშვი მეფეო, თქვენად კადრებად ამისად სცთების და სცთების სიკვდილსა, ვინ არ მოელის წამისად მოვა შემყრელი ყოველთა, ერთგან დღისა და ღამისად თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად

793. თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა, და ვერცა მისანდობელმან მუნ შემიწყალოს თქვენმავე, გულმან მოწყალემლმობელმან

794. მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი არას მქონები მიღვწიან მომიგონებენ, დამლოცვენ მოვეგონები

795. რაცა თქვენთვინ არ ვარგიყოს, საჭურჭლესა დასადებლად მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად ნურა ნუ გშურს საქონელი, ჩემი ჩემთვის წასაგებლად შენგან კიდევ არვინ მივის, ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად

796. ამას იქით ჩემგან ჩემი, ამბავიცა არ გეცნევის ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებსარ გეთნევის არას მარგებს ეშმაკისა, საქმეთაგან დაეძლევის შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის

797. გვედრებ მეფეო შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა ნაკად აქვს ჭირი სამისოდ, ამ წელიწადსა წლეულსა ნუგეშინისეც წყალობით, ჩემგან წყალობაჩვეულსა ნუ დაადინებ თვალთაგან, ცრემლსა სისხლითა ფრქვეულსა

798. გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა აჰა გამზრდელო მოგშორდი, წაველ გულითა ხელითა ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა სუფევით ხარმცა თავითა, მტერთაგან საკრძალველითა

799. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა უთხრა ჰკადრეო მეფესა, საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერავინ, მსახურებითა ვერითა მოეხვია და ატირდა, ცრემლითა სისხლთა ფერითა