ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

702. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად; იტყვის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად; მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან ჰდაღა რად? ვიდრე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

703. “ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია, დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია, დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია. აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”.

704. ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს. გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულთქმით, მიჰხრის ტანსა, მიაწარებს; საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს, – ვაჲ, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

705. ყმა მივიდა, საწოლს დასჯდა, ზოგჯერ სტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების; ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების, – ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

706. “გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი; გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი!”

707. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი, მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი, პირსა დაიდვნა, აკოცა, ცრემლი ჰსდის, ვითა ბისონი.

708. რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი. ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯავრიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

709. მეფე შესჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა: ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა; მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

710. ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი; დასჯდა, დაჰხვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი, ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს სრულნი.

711. ყმა ახლოს უსჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა. ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა.

712. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა. ზოჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა! ” რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!

713. წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო? მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ–მჭვრეტთა სავაგლახეო, და ცხადად ნახვასა არ ღირსვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”

714. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა; კვლავ გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა, – არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა? თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა”.

715. კვლავ იტყვის: “გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება; მაგრა დაჰმალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლავ დება, – ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა მცხადება!”

დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფისა ვეზირის და ვეზირის საუბარი და ხვეწნა.

716. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე; იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს დამცავფარე!” დათმობასა ეაჯების: “გულსა შენ რა მოუგვარე!” ცხენსა შესჯდა, წამოვიდა ვეზირისა სახლსა მთვარე.

717. ვეზირმან სცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული, ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული!” მიეგება, თაყვანი სცა, ჰკადრა ქება სრულსა სრული: “ჰხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული”.

718. ყრმა გარდაჰსვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან; ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან; სთქვეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან”.

719. დასჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ჰხელეს, მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს, სულ-თქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს. გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

720. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვეზირსა ეუბნების, ეტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების, რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების, გაიგონენ ჭირნი ჩემნი, მკურნე, რაცა მეკურნების!