ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

933. ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა; ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა; კვლავ თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა, ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.

934. ვარდი ჭკნებოდა, ღრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა; ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა; გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ იმხნეოდა; იტყვის, თუ: “ბნელი რას მიკვირს, რადგან დაგაგდე, მზეო, და!”

935. მზესა ეტყვის: “მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად, შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად; ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ დამცთარად, მაგრა ჩემი რად დააგდეთ გული ცივად, გაუმთბარად?

936. თვე ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს; მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს? მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ ატკივნებს, – წყლულსა დანა ვერა ჰკურნავს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს.”

937. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა: აჰა, მზეო, გიაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა.

938. მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა; შემოჰყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა; მას უთხარ, თუ: “ნუ გასწირავ, შენია და შენთვის სტირსა.”

939. ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, სრულსა, მო და უყავ სამართალი, – გაებრჭობის გული გულსა – ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! მართალი ვარ, გამიკითხე, რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა!

940. მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა; როგორ გასრულვარ, შენ იცი, გულია აღარ ლხენითა.

941. მოდი, ასპიროზ, მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა; შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა, ვისმე ჩემებრსა დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.

942. ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა, მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა; დასჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწყობილსა ტანსა ვრილსა ვით ლერწამსა.

943. მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვლდები, ზოგჯერ ვმჭლდები; მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ როგორ ვბნდები; მიდი, უთხარ, „ნუ გასწირავ!“ მისი ვარ და მისთვის ვკვდები.

944. აჰა, მოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთვარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან; მას გააგონნე, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან.“

945. აწ გულსა ეტყვის: “ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია, რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია; მეც ვიცი, ჩემსა ხელ-მქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია, მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

946. თუ დავრჩეო, ესე მიჯობს; – სიცოცხლისა იტყვის თუსა – ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა;” მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა; მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.

947. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან; მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან; ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან; იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.

XXVII მისლვა ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა

948. ყმა მტირალი სამოც-და-ათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა; შორით ნახა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა; მოიცადა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქვენ ამისა გნუკევ თქმასა, ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ხმასა?”

949. მათ მოახსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა, გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა: აქამდის მძღვარი თურქთაა, მომძღვრე ფრიდონ მძღვრებითა, ჩვენცა ვისი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.

950. ნურადინ-ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა, მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალ-უძს მის მზისა ოდნად მშვენისა; იგია ჩვენი პატრონი, მზგავსი ცით შუქთა ფენისა.

951. ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე; მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე, რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?” მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.