... (H-1128), XIX ს.

780. რადგან თავი სიცრუვეა ყოვლისა უბადობისა მე რად გავსწირო მოყვარე ძმა უმტკიცესი ძმობისა არა ვიქ ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა მით ვისწავლიდით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა

781. წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ ვით იტყვიან ვით აქებენ ცან ცნობანი მიაფერენ სიყვარული აღგვამაღლებს ვით ეჟვანი ამას ჟღერენ შენ არ სჯერხარ უსწავლელნი კაცნი რადმცა შევაჯერენ

782. ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მამცა მძლევად მტერთად ვინ არს ძალი უხილავი შემწე ყოვლთა მიწიერთად ვინ საზღვარსა დაუსაზღურებს ზის უკვდავი ღ~თი ღ~თად იგი გახდის წამი ყოფით ერთსა ასად ასსა ერთად

783. რაცა ღ~თსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი ია ხმების ვარდი ჭკნების თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რამე ეშვიდნების მე ვით გავსძლო უმისობა ან სიცოცხლე ვით გეთნების

784. რაზომცა ჰსწყრები შემინდევ შეცულა თქვენისა მცნებისა ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა მე მაგისისა თნებისა აწ წასვლა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა სადა გინდ ვიყო რა მგამა ყოფაცა მქონდეს ნებისა

785. არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა წესი არის მამათაგან მოჭირვება ჭირთა თმენა არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა

786. რაცა ღ~თსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად გარდამხდეს და შემოვიქცე აღარ დამრჩეს გული ავლად თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა მრავლად მას რა ვარგო დიდებად და კმარის ესე ჩემთვის დავლად

787. მეფეო ესე თათბირი მამკალ ვინ დამიწუნოსა მეფეო ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა პირის პირ მარცხვენს ორნივე მივალთ მას საუკუნოსა

788. არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა ვგმობ კაცსა უაუგოსა ცრუსა და ღალატიანსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ მას ხელმწიფესა სვიანსა რა უარია მამაცსა სულ დიდსა წასულა გვიანსა

789. რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა შემდრკალსა შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა კაცი ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა

790. ვერ დაიჭირავს სიკუდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალ გულოვანი ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოანი სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი

791. მერმე ვიშიშვი მეფეო თქვენად კადრებად ამისად სცდების და სცდების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად მოვა შემყრელი ყოველთათვინ ერთად დღისა და ღამისად თუ ვერა გნახნე ცოცხალმან სიცოცხლე მქონდეს ჟამისად

792. თუ საწუთრომან დამამხოს ყოველთა დამამჴობელმან ღარიბი მოვკუდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან მუნ შემიწყალოს თქუენმავე გულმან მოწყალე ლმობილმან

793. მაქვს საქონელი ურიცხვი ვერვისგან ანაწონები მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი არას მქონები მიღვწიან მამიგონებენ დამლოცვენ მოვეგონები

794. რაცა თქვენთვინ არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად მიეც ზოგი ხანაგათა ზოგი ხიდთა გასადებლად ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად

795. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის ამად გვედრებ სულსა ჩემსა წიგნი გკადრებს არ გეთნევის არას არგებს ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის შემინდევ და შემივედრე მკვდარსა რაღა გარდმეხდევის

796. გვედრებ მეფეო შერმადინს მონასა ჩემსა რჩეულსა ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა ნუგეშის ეც წყალობით ჩემგან წყალობა ჩვეულსა ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლთა სისხლითა ფრქუეულსა

797. გასრულდა ჩემი ანდერძი ჩემგან ნაწერი ხელითა აჰა გამზრდელო მოგშორდი წაველ გულითა ხელითა ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი ნუ ხართ მოსილნი ბნელითა სუფევითამცა ხარ თავითა მტერთაგან საკრძალველითა

798. მისცა ანდერძი შერმადინს რა გაათავა წერითა უთხრა ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა

ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითად და გაპარვა მისი