ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

643. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან: ,,შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან; გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან, აწ წადი, ჰნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან,,.

644. ავთანდილ უთხრა: ,,მე შენი გაყრა არ მომეთმინების; თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების. მართალსა გითხრობ, ამისა კადრება ნუ გეწყინების,– შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

645. ,,რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყობარი; მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი,– სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

646. ,,რაცა გითხრა, მომისმინე ბრძენი გეტყვი, არა ხელი; ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი, – კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი. აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

647. ,,იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო; მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო; შენ გენუკვი, შემიჯერო, ღმერთი იღვთო, ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.

648. ,,რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემიპირო, მეცა ფიცით შეგიჯერო, არასათვის არ გაგწირო, კვლავვ მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო, ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის აგრე არ გატირო,,.

649. მან მიუგო: ,,უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი? გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი; რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუ მქარდი! ღმერთმან ჰქმნას და კვლავცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

650. ,,პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, გული მინდორს არ გაიჭრას, არ ირმოს, არცა ითხოს, თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!,,

651. ამას ზედან შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი, იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყვა ბრძენნი, ცნობა-შმაგნი; შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი, მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

652. ავთანდილცა მასვე თანა სტიროდა და ცრემლი ღვარა; რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა; ტარიელს თუ ვით ეწყინა, – რა ჰქმნას,ამას ვერ მიმხვდარა; ავთანდილცა ჩასტიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

653. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა; მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა; ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია სჭკნებოდა; მან უთხრა: ,,დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

654. ,,ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა, ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა; აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა! შეიგენით, მიცემულვარ ჭირსა რასმე თანის-თანსა,,.

ამბავი ავთანდილის არაბეთს მიქცევისა ტარიელ რომ იპოვნა და წავიდა

655. იგი მუნით წარმოსული სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს, ვარდსა არ აპობს, ხელი მისი გაამხოკლა; სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცნი ყოვლნი გაამოკლა; მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

656. მუნ მოვიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ჰნახე, იცნეს, რაგვარადცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს; შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლავ, თავნი მისკენ არნეს– ,,მოვიდაო, აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს!,,

657. გაეგება, მოეხვივა, ზედა დასდვდა პირი ხელსა, აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მსვრელსა, ესე სთქვა თუ: ,,ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა, მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!,,

658. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა; უჰბრძანა, თუ: ,,ღმერთსა ვმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა! დიდებულთა თაყვანი-სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირსა, ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსა, თუ უნდა მცირსა.

659. მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული. მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული; მაშინვე დასჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული, – ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული.

660. შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული: ,,უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული,,

661. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა: ,,შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!,, მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, განისვენა, ცისკრად შესჯდა, გაემართა, დღე რა მზემან განათენა.