... (H-964.A), XVIII ს.

41. სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი ჰპოო მოდი გამარჯვებით მხიარულად მოუბნარი ვერა ჰპოვებ დავიჯერებ თურე უჩინარი კოკობი და დაუფრჩკვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი

42. ფიცით გითხრობ შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მომხვდეს ჴორციელი ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკლევდეს სიყვარული გულსა დანა ასაქმარი

43. მოახსენა ყმამან მზეო ვინ გიშერი აწამწამე სხვა პასუხი რამცა გკადრე ანუ რამცა შევიწამე მე სიკვდილსა მოველოდი შენ სიცოცხლე გამიმწარე ვითა მონა სამსახურად გაღანამცა წავეწამე

44. კვლავ ჰკადრა აჰა მზეო რადგან ღმერთმან მზედ დაგბადა მით გმორჩილს ზეციერი მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი მეიმედა ვარდი ჩემი არ დაჭკნების შუქი შენი იეფადა

45. კვლავ შეფიცეს ერთმანერთსა დააპირეს ესე პირი გაახლდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა ხშირი გაადვილდა აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთა გამოკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი

46. ერთად დასხდეს ილაღობეს საუბარი ასადაგეს ბროლ ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს ყმა ეტყვის თუ შენთა მჭურეტთა თავი ჴელი ასადაგეს ცეცხლთა მანდით მოდებულთა გული ჩემი ასადაგეს

47. ყმა წავიდა სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა თვალთა რეტად აყოლებდა ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს ტანსა მჭვრეტსა ათრთოლებდა გული ჰქონდა გულისათვის სიყვარულსა ავალებდა

48. თქვა მზეო ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ლალი გავსრულვარ ქარვისა უყვითლეს ადრე მაშინ რაღა ვქნა ვერ ჭვრეტა რა მამხვდეს კულავ უგრძეს ადრე ჴამს მოყვრისათვის სიკვდილი ესე მე დამიც წესადრე

49. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის დაიკეცების რა მილულნის სიახლევე სიყვარულისა ეოცნების შეკრთის დიდი დაიზახის მით პატიჟი ეოცების

50. მოშორება საყვარლისა მას შეჰქნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა ტირს ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა მისთა მჭურეტთა სალამაზოდ ცხენს შეჯდა გაემართა დარბაზს მივა სადარბაზოდ

51. დარბაზს ეჯიფი შეგზავნა მართ მისგან შენარონია შესთვალა გკადრებ მეფეო მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა თქვენ ჴლმითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ამბავი სცნან რაცა გარემონია

52. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ჴელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო მორჩილ ქმნილთა გავახარო ურჩი ყველა ავატირო ძღვენნი გკადრნე ზედა ზედა არ სალამი დავაძვირო

53. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა უბძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა აწ მაგა თათბირსა გავსო შენივე ქველობა აწ მამხვდეს მაგრა რაღა ვქნა თუ სიშორისა გრძელობა

54. ყმა შევიდა თაყვანისცა მადლი რამე მოახსენა ჴელმწიფეო მიკვირს ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა აწ ნუ თუ კვლავ სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლავ მიჩვენა

55. მეფე ჴელსა მოეკიდა გარდაჰკოცნა ვითა შვილი სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა მას დღე მათი ჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირა გონიერი გული ლბილი

56. გამოემართა ავთანდილ მოყმე მჴნე ლაღად მავალი ოც დღე იარეს ღამესა დღე ზედა წართო მრავალი იგი ლხინი სოფლისა იგია ნივთი დავალი არ მისცილდება თინათინ მისი მას ვისგან სწვავალი

57. რა მოვიდა სიხარული შიგან გახდა სამეფოსა მოეგებნეს დიდებულნი სძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა იგი პირ მზე არ მოსცდების სიარულსა სასწრაფოსა მიხვდეს მყოფი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა

58. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა გარეთ კლდე იყო გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა ყმამან მუნ დაჰყო სამი დღე ამოსა სანადიროსა გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა

59. ესეა მონა შერმადინ ზემოთცა სახელ დებული თანა შესდილი ერთგული და მისთვის თავ დადებული მან არ იცოდა აქამდინ მის ყმისა ცეცხლი დებული აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული

60. უბძანა აჰა შერმადინ ამად მე შენგან მრცხვენიან ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნია გაგივლენიან მაგრა არ იცი აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან მე ვისგან მქონდეს პატიჟნი აწ მასვე მოულხენიან