... (H-964.A), XVIII ს.

21. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა თვალთა ცრემლნი მოიხოცნა შესაპყრობლად შევუზახენ სპანი სრულად დამიჴოცნა ვითა ეშმა დამეკარგა არ კაცურად გარდამკოცნა ჯერეთცა ეს არ ვიცი ცხადი იყო თუ მეოცნა

22. ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდა რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს ვეღარამან მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნენ ვეღარამან გამახარნეს

23. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ მე სიტყვსა დანაყბედსა ჰე მეფეო რად ემდურვი ანუ ღმერთსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა ყოველთა თვის ტკბილად მხედსა ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა

24. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ მეფეთა ზედან მფლობელი შორას არის თქვენი სამზღვარი ბრძანება მიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი ადრე სცნობთ არის იგი ყმა უშობელი თუ შობილი

25. მოასხეს კაცნი გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა უბძანეს წადით პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა მონახეთ ძებნეთ იგი ყმა სხვად ნურად მოიცლიდეთა მისწერეთ წიგნი სადაცა ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა

26. კაცნი წავიდეს იარეს მათ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა იკითხეს კულა და კულადია ვერცა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია ცუდად მაშვრალნი მოვიდეს მათსავე გულსა ზადია

27. მონათა ჰკადრეს მეფეო ჩვენ ჴმელნი მოვიარენით მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა მით ვერა გავიხარენით მისსა მნახავსა სულ დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით

28. მეფე ბრძანებს მართალ იყო ასული და ჩემი ძეო ვნახე ვინმე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო ჩემად მტერად წამოსრული გარდმოჭრილი ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება არა მგამა ყოლა მეო

29. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა მგოსანი და მოშაითი უხმეს ჰპოვეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი ყველა დარბაზს შემოსადა მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვაცა რა დაბადა

30. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს ეცვა ოდენ მართ პერანგი იმღერდა და იხარებდა წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბძანებს ტანი ალვა პირი მანგი

31. ავთანდილს მიხვდა მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა არ ერდგან შეუყრელისა ამაოა ჭვრეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა

32. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა არვისგან რცხვენოდა მას ნახავს ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალ ჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მზგავსად შვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაფენოდა

33. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი

34. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა დაჯდა კრძალვით და რიდითა პირის პირ პირსა უჭვრეტდა სავსე ლხინითა დიდითა

35. ყმამან ჰკადრა საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქნების მზესა მთვარე შეეყაროს დაილევის დაცა სჭნების აზრად არად აღარა მცალს თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს ანუ რაცა გეკვირვების

36. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყვა არ დუხჭირად იტყვის თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭი რად მიკვირს მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად მაგრა გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად

37. გახსოვს ოდეს შენდა როსტანს მინდორს მჴეცი დაგეხოცა ყმა გენახა უცხო ვინმე რომე ცრემლი მოეხოცა მასუკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა შენ გენუკვი მონახვასა კიდის კიდე მოლახოცა

38. აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრამ შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყუეტლად თვალთა ღაწვი გისეტყვია შეუპყრიხარ სიყვარულსა გული შენი დაუტყუია

39. ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ხარ ჴორციელი არავინა გვყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ დასტურია არნა ჭორად წადა იგი მოყმე ძებნე ახლოს იყოს თუნდა შორად

40. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნა შეჭირვება ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა აგრე საიმედო ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემიყარე