ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა (A-654), XIX ს.

39. კაცი ცრემლითა შეინდობს თუ ცოდვა მის თანაც არსა ვით ნინეველი ისხემდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა ამით დაესხნნეს რისხვასა ზეცით მოსრულსა ნაცარსა წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუ ნაცარსა

40. ბრძენმა ვისმე მოსწავლემან საკითხავი ესე ვპოვნე ესეაო მამაცისა მეტის მეტი სიგულოვნე ოდეს მტერსა მოერიო ნუღარ მოჰკლავ დაიყოვნე გინდეს სრული მამაცობა ესე სიტყვა დაიხსოვნე

41. ტარიელ მოტკბა ღმრთისავე მსგავსად იგ წარმართულია აღარ დაგხოცო უბრძანა ძლეული შიშმან თუ ლია წაღმავე წაგრეხს საქმესა რაცა უკუღმა სთულია ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია

42. თაყვანი სცეს და დალოცეს ყოველთა ხმა ერთათ იერეს ღმერთსა შევედრეს ზახილით სვე მათი გააძლიერეს თავები დახსნეს სიკვდილსა სიცოცხლე ამის მიერეს ტარიას ხრმალნი ვერ დაძღეს ჯერთ ხორცი მოიმშიერეს

43. ნესტარის ჭვრეტად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია მოვიდეს ნახეს რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია ჰინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა მართ ვითა სვეტია

44. ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა არ დაგხოცსო შეგიწყალნა ყველაკაი დალოცვიდა ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს ბევრი ამას მოზრახვიდა მოვიდა იგი მოყმე რომე ერთი ბევრთა სრვიდა

45. მოეგებნიან ტარიელს შორი შორ უსალამიან შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს აალამიან ვერ გამოენდვნეს ჰინდონი თქვეს თუ ღალატსა ჰლამიან არ მოელოდეს ტარიელს მით ცრემლი დაილამიან

46. ტარიელ მიდგა უყივლა მე მოველ მეფე თქვენიო თანა მყავს ჩემი მნათობი პირი ელვათა მფენიო ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო გამოდით თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო

47. მაშინღა იცნეს ტარიელ მათგან მი და მო სრბანია სრულად მჭვრეტლითა აივსო ზღუდე და ბანის ბანია ხმამაღლად ხმობდეს იზახდეს მოგვშორდეს სალმობანია აქამდის რისხვა მაღალმან აწ მოგვცა წყალობანია

48. კარნი გაახუნეს გამოჩნდეს მოიხვნეს მათ კლიტენია ერთობ ფლასითა მოსილნი მათ მზეთა ზედ მჭვრეტენია ტირან ორნივე ქალყმანი ვარდისა ბაღსა ტენია ზახილით თავსა იგლეჯდეს ყორნის თმა ბროლსა ტენია

49. ვითა გამზრდელსა ჰმართებდა გაზრდილი ეგრეც ხელია რომე სდის ცრემლი თვალთაგან ცეცხლი უფრო ცხელია თავსა იგლეჯს და იზახდეს ტირს მეტად გულფიცხელია გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია

50. რა ნახნა ხასნი ვაზირნი ფლასითა დამოსილნია კვლა დაიზახნა ტარიელ უფროსნი დანაკივლნია სისხლი და ცრემლი თალთაგან სდის და მიწყობით მილნია მოვიდეს ყელსა მოეჭდვნეს ვითა ძმანი და შვილნია

51. დიდებულნი მოეხვივნეს მოუზრუნვეს მათ ცოლ ქმართა ქალი დაბნდა მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა ვარდსა რტონი შთამოსცვივდეს ზე ვერავინ წამომართა მუნა კაცთა ვერ ვხედევდი გაცინებით მოღიმართა

52. დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად უბრძანებდა რად ვინ სტირთო ესე ჰქონდა წყრომა ზრახვად ღმერთმან რისხვა მოაქცია წყალობისა გამოსახვად გვმართებს რომე მადლი მივსცეთ აღარა გვცალს გლოვა ახვად

53. ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან იტყვის თუ ცეცხლი დამევსო ცხელი აწ დამწვა მე ნელმან დადუმდი სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან ობოლთა მლხენელმან

54. ქალმან დედას შესტირნა ჰაი მე რა ვქნა დედაო წითელ ყვითლითა დაგაგდე აწ შაოსანსა გხედაო მამამან ტახტი დასცალა არა ზის მასღა ზედაო დედამან ცრემლნი მოჰხოცნა ეტყვის დადუმდი ბედაო

55. გარდაკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა გახდა ალვისა მთხელები დარეჯანს ეტყვის რაღა ვთქვათ სიტყვები ბედით ხელები ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი არ ერთხელები

56. რა გარდახდა მცირე ხანი ჟამი იქმნა გარდასრულად დიდებულნი ეთაყვანნეს ერთობილნი ადგეს სრულად იგი მზენი მიეგებნეს მოეხვივნეს გულისგულად აკოცეს და მოიკითხეს თავის თავის თვითეულად

57. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება ტარიელ თქვა დედოფალო გჭირს ამათი არამცნება ესენია მხსნელნი ჩვენნი აწ არა გვცალს გრძლად უბნება ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება

58. ადგეს ქალაქსა შემოვიდეს თვით გარდახდეს სრასა მთასა ერთსა ბრძანებს დედოფალი მართ სიტყვასა ვითამ ათსა ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა ამად შევიქ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა