ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

816. “რა მოგშორდე, მაჴსენებდი, სიყუარული ჩემი გქონდეს; არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს. ჴამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს, მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არად არ შესწონდეს.

817. “მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკუდილი მოყურისათჳს თამაშად და მიჩანს მღერად; ჩემსა მზესა დავეთხოვე, გაუშვივარ, დავდგე მე რად! მას თუ დასვთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად!

818. “აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა; შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. მოვკუდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანასგან ნუ იქ ქნილსა, ამას ზედა იტირებდი, დაიდენდი თუალთა მილსა”.

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე

819. დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად: –ჰე, მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად! ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მამდებრისად; შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად.

820. “ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა. კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყუარესა მოყუარულსა; მე სიტყუასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა თქმულსა: “სიცრუე და ორპირობა ავნებს ჴორცსა, მერმე სულსა”.

821. “რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყუარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა? არა ვიქ, ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა! მით ვისწავლებით, მოგუეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.

822. “წაგიკითხავს, სიყუარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ? ვით იტყუიან, ვით აქებენ? სცან, ცნობანი მიაფერენ. “სიყუარული აგუამაღლებს”, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ, შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!

823. “ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მამცა ძლევა მტერთად; ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ სამზღვარსა დაუსამზღვრებს, ზის უკუდავი ღმერთი ღმერთად, იგი გაჰჴდის წამისყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

824. “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. მზისა შუქთა ვერ მჭურეტელი ია ჴმების, ვარდი ჭკნების, თუალთა ტურფა საჭურეტელი უცხოდ რამე ეშვენების; მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!

825. “რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქუენისა მცნებისა. ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა მე მაგისისა თნებისა; აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა საჴმილთა გზნებისა; სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!

826. “არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა; არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა; წესი არის მამათაგან მოჭირვება, ჭირთა თმენა, არვის ძალ-უც ჴორციელსა განგებისა გარდავლენა.

827. “რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად, გარდამჴდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად; თქუენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა მრავლად; მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.

828. “მეფეო, ესე თათბირი, მამკალ, ვინ დამიწუნოსა! მეფეო, ნუთუ წასლვამან თქუენ ჩემან დაგაჭმუნოსა? ვერ ვეცრუები, ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა, პირის პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

829. არ დავიწყება მოყურისა აროდეს გუიზამს ზიანსა; ვგმობ კაცსა უაუგოსა, ცრუსა და ღალატიანსა. ვერ ვეცრუები, ვერ უზამ მას ჴელმწიფესა მზიანსა. რა უარეა მამაცსა სულ დიდსა, წასლვა გვიანსა!

830. “რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა, შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკუდილისა მეჭველსა! კაცი, ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა? სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

831. “ვერ დაიჭირავს სიკუდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი; ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მჴცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკუდილი სახელოვანი!

832. “მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქუენსა კადრებად ამისად: სცთების და სცთების, სიკუდილსა ვინ არ მოელის წამისად, მოვა შემყრელი ყოველთათჳს ერთგან დღისა და ღამისად, თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე გქონდეს ჟამისად.

833. “თუ საწუთრომან დამამჴოს, ყოველთა დამამჴობელმან, ღარიბი მოვჰკუდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, მუნ შემიწყალოს თქუენმავე გულმან მოწყალე-მლმობელმან.

834. “მაქუს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები: მიღუწიან, მამიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.