... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

582. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა: ესე აწ მე მყავს რომელი჻ მართ ვითა ქარი მოქროდა: გაფიცხებული მწყრომელი჻ მონა მივსწიე მისისა: შეყრისა ვიყავ მდომელი჻ შევსთვალე დადეგ მიჩვენე: ლომსა ვინ გაწყენს რომელი჻

583. მას მონასა არა უთხრა: არცა სიტყვა მოუსმინა჻ ფიცხლად შევჯე ჩავეგებე: მე ჩაუსწარ ჩავე წინა჻ უთხარ დადეგ გამიგონე: შენი საქმე მეცა მინა჻ შემომხედნა მოვეწონე: სიარული დაითმინა჻

584. გამიცადა ღ~თსა ჰკადრა: შენ ასეთნი ხენი ვით ხენ჻ მერმე მითხრა მოგახსენებ: აწ სიტყვანი რომე მკითხენ჻ იგი მტერნი გამილომდეს: აქამდისცა რომე ვითხენ჻ უკაზმავსა მიღალატეს: საჭურველნი გარ ვერ ვითხენ჻

585. მე უთხარ დადეგ დასწყნარდი: გარდავჴდეთ ძირსა ხეთასა჻ არ შეუდრკების ჭაბუკი: კარგი მახვილთა კვეთასა჻ თანა წამომყუა წავედით: უტკბოსი მამა ძეთასა჻ მე გავეკვირვე ჭვრეტასა: მის ყმისა სინაზეთასა჻

586. ერთი მონა დასტაქარი: მყუა და წყლულნი შეუხვივნა჻ ისრის პირნი ამოუხვნა: დაკოდილნი არ ატკივნა჻ მერე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ: მკლავმან შენმან ვისგან ივნა჻ საამბობლად დამირიგდა: თავი მისი გაამჩივნა჻

587. პირველ მითხრა არა ვიცი: რა ხარ ანუ რას გამსგავსო჻ ანუ ეგრე რამ დაგლია: ანუ პირველ რამ გაგავსო჻ რამან შეგქმნა მოყჳთანოდ: ვარდ გიშერი რომე რგავსო჻ ღ~თნ მისგან ანთებული: სანთელიმცა რად დაგავსო჻

588. მულღაზანზარის ქალაქი: ახლოს მე მაქუსო რომელი჻ ნურადინ ფრიდონ სახელად მძეს: მეფე ვარ მუნა მჯდომელი჻ ესე სამზღარი ჩემია: სადა ხარ გარდამხდომელი჻ ცოტა მაქუს მაგრამ ყოველგან: სიკეთე მიუთხრობელი჻

589. მამის ძმა და მამა ჩემი: პაპმან ჩემმან გაყუნა ოდეს჻ ზღვასა შიგან კუნძულია: ჩემად წილად მას იტყოდეს჻ თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა: ვისთა შვილთა აწ დამკოდეს჻ მათკენ დარჩა სანადირო: არ მივსცემდი მამერჩოდეს჻

590. დღეს გამოველ ნადირობას: ზღვისა პირსა ვინადირე჻ მუნა გასვლა მამდომოდა: მით მრეკალი არ ვახშირე჻ სპათა უთხარ მამიცადეთ: მოვიდოდე მეცა ვირე჻ ხუთთა ოდენ ბაზიერთა: მეტი არა დავიჭირე჻

591. ნავითა გამოველ ზღვისაგან: შტო რამე გამოვიდოდა჻ არა მოვჰკრეფდი გამყოფთა: ვთქჳ ჩემთა რად დავრიდო და჻ დამეძაბუნდეს სიმრავლე: მე მათი არ გამვიდოდა჻ ვნადირობდი და ვიზახდი: ჴმა ჩემი არ უდიოდა჻

592. მართლად იჯავრეს წუნობა: მათი თუ ესე ჴმდა ვითა჻ გამამაპარნეს ლაშქარნი: გზანი შემიკრეს ნავითა჻ თვით ბიძას ძენი ჩემნიცა: შესხდეს მათითა თავითა჻ ჩემთა გაუჴდეს ლაშქართა: ომად მათითა მკლავითა჻

593. მათი მესმა დავინახე: ზახილი და ჴრმალთა ელვა჻ ნავი ვჰსთხოვე მენავეთა: მით ვიყივლე მე ერთხელ ვა჻ ზღვასა შეველ მომეგება: მეომარი ვითა ღელვა჻ სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს: ჩემი ზედა წამოქელვა჻

594. კვლავ სხვანი დიდნი ლაშქარნი: უკანა მამეწეოდეს჻ იქით და აქათ მამიჴდეს: ერთგნით ვერ მამერეოდეს჻ არ მამწურვოდეს წინანი: ზურგით მესროდეს მე ოდეს჻ ჴრმალსა მივენდევ გამიტყდა: ისარნი დამელეოდეს჻

595. მამეჯარნეს ვეღარა ვჰქენ: ნავით ცხენი გარდვიხტუნვე჻ ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ: ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნვე჻ თანა მყოლი ყველაკანი: დამიჴოცნეს დარჩა მუნვე჻ ვინმცა მდევდა ვერ შემამხვდა: მიუბრუნდი მივაბრუნვე჻

596. აწ იგი იქნას რაღაცა: ენებოს ღ~თისა წადილსა჻ ვეჭვ ჩემი სისხლი არ შერჩეს: ძალი შესწევდეს ქადილსა჻ ოჴრად გაუჴდი ყოფასა: მათ საღამოსა და დილსა჻ უჴმობ ყვავთა და ყორანთა: მათ ზედა ვაქნევ ხადილსა჻

597. ამა ყმამან შემიკვეთა: გული მისკენ მიმიბრუნდა჻ მოვახსენე აჩქარება: შენგან ყოლა არა უნდა჻ მეცა თანა წამოგყვები: დაიხოცნენ იგი მუნ და჻ ჩვენ ორთავე მეომართა: გაღანამცა შეგვიძრწუნდა჻

598. ესეცა უთხარ ამბავნი: ჩემი არ გაგეგონების჻ უფრორე წყნარად გიამბობ: ნუთუ ჟამი ჩვენ გვექონების჻ მან მითხრა ლხინი საჩემო: მაგას რა შეეწონების჻ დღეთ სიკვდილადმდის სიცოცხლე: შენ ჩემი დაგემონების჻

599. მივედით მისსა ქალაქსა: ტურფასა მაგრა ცოტასა჻ გამოეგებნეს ლაშქარნი: ისხემდეს მისთვის ოტასა჻ პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს: ნახოკსა ვით ნაფოტასა჻ ეხვეოდიან ჰკოცნიან: ჴრმალსა და სალტე კოტასა჻

600. კვლავ მოვეწონე ვეტურფე: მე მისი გარდნაკიდარი჻ შემასხემდიან ქებასა: მზეო ხარ ჩვენთვის იდარი჻ მივედით ვნახეთ ქალაქი: მისი ტურფა და მდიდარი჻ ყველასა ტანსა ემოსა: ზარქაში განაზიდარი჻

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათგან მათს მეომრებზე჻