ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

643. “ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვე, დევთა შეეკაფნეს; შემოვები, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს, მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს; საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლავ მეცქაფნეს.

644. “აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები; ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, ესე ქალი არ დამაგდებს, არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!

645. “რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომიჰნახავს; ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულსთქვამს, ზოგჯერ ახავს, რადგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს.

646. “მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები; მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები; მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები; სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები”.

647. პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აიხეწა, ლალი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა; ავთანდილსცა ცრემლი წაჰსდის წამწამთაგან ერთ-სახე, წა, მერე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.

648. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან: “შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან; გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან, აწ წადი, ჰნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან”.

649. ავთანდილ უთხრა: ”მე შენი გაყრა არ მომეთმინების; თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების. მართალსა გითხრობ, ამისა კადრება ნუ გეწყინების, შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

650. “რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყობარი; მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი, სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

651. “რაცა გითხრა, მომისმინე ბრძენი გეტყვი, არა ხელი; ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი, – კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი. აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

652. “იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო; მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო; შენ გენუკვი, შემიჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.

653. “რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემიპირო, მეცა ფიცით შეგიჯერო, არასათვის არ გაგწირო, კვლავ მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო, ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის ეგრე არ გატირო”.

654. მან მიუგო: ”უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი? გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი; რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუ-მქარდი! ღმერთმან ქმნას და კვლავცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

655. “პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, გული მინდორს არ გაიჭრას, არ იირმოს, არცა ითხოს, თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!”

656. ამას ზედან შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი, იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყვა ბრძენნი, ცნობა-შმაგნი; შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი, მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

657. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა; რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა; ტარიელს თუ ვით ეწყინა, – რა ქმნას,ამას ვერ მიმხვდარა; ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

658. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა; მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა; ადრე მოსლვასა ჰყვედრებდა, მართ ვითა ია სჭკნებოდა; მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

659. “ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა, ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა; აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა! შეიგენით, მიცემულვარ ჭირსა რასმე თანის-თანსა”.

ამბავი ავთანდილის არაბეთს მიქცევისა ტარიელ რომ იპოვნა და წავიდა.

660. იგი მუნით წარმოსული სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ხელი მისი გაამხოკლა; სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლნი გაამოკლა; მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

661. მუნ მოვიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახე, იცნეს, რაგვარადცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს; შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად, თავნი მისკენ არნეს– “მოვიდაო, აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს!”