ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

236. ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო! მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო; გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო: ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ჰქმენო!”

237. კვლავცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა, მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა; პირსა ზედან გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა, ადგა, თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.

238. ეგრე უთხრა: “მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო? რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო! გიჯობს, მითხრა, ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო, თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოჰკლას, ვითა მოგაკვდინო!”

239. ქალმან უთხრა: “ეგე ღონე მოიგონე მატად ავი: თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი, რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უჰნახავი? კვლავ თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი”.

240. კვლავ ეტყვის: “ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო? ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო! მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო, ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო.

241. “ჩემი სიკვდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია, მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია; ჩალად მიჩნს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია. ვერ გიცნობ; ვინ ხარ, ვინ გითხრა სიტყვანი მისანდონია?”

242. ყმამან სთქვა თუ: “არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა, სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა”. გაუშვა და ცალკე დასჯდა, სტირს, დაუწყო ცრემლთა ფრქვევა; ქალსა უთხრა: “გაგარისხე, აწ არ ვიცი, ვით დავრჩევა”.

243. ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს; ჯერდ არ დამტკბარია; ავთანდილ ქვე ჰზის ტირილად, აღარას მოუბარია; ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია. კვლავ იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.

244. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ჰღვარნა, მაგრა უსჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა; ყმამან ცნა თუ: “გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა”. ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.

245. უთხრა: “ვიცი, აღარ ვარგხარ, შენ აწ ჩემად დასანდობლად; გაგარისხე, დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად; აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიძს შენთვის გასანდობლად, ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.

246. “თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე, მიჯნურისა შებრალება ჰხამს, ესეცა გაიგონე; სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე; სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!”

247. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება, გულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება; კვლავ გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება. ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

248. იტყვის თუ: “ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების, ვისთვისმე ხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების”. კვლავ უთხრა: “დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების, ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.

249. “ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად; ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად; ღრუბელიცა ვერ მიხვდების, მე მისრულვარ სადამი სად; გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად.

250. “მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე, მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე; ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე, ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე”.

251. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი: “ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი; წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი, აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

252. “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, მიხვდები, უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გაცასწბილდები”.

253. ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა: ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა; უკანამან წინა ჰნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, სტირს, იძახის ვაგლახ-ვასა!

254. “ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე, წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუცა ამოგზიდე”; მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე, შემოჰყივლა: “არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?”

255. “აწ, დაო, შენსა ხელსაა ჩემი საბელი ყელისა, სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა; რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა; თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა!”