ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

216. ავთანდილ იტყვის: ეზომი ჭირნიმცა რად ვაცუდენი, "რაცაღა არის, არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა, მივიდეს, რაზომც მოვლიდეს ზღუდენი, მუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი”.

217. წინა-უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი; არსადა ხანი არ დაჰყვეს, ერთნი თვალისა წამენი, მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.

218. დღისით ვლეს და საღამო-ჟამს გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი, ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

219. მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და კლდენია; ავთანდილ ცხენსა გარდაჰხდა, მოჰნახა დიდნი ხენია, მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, მუნით უჭვრეტდა; იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

220. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის-ტყავითა, ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

221. ყმამან უთხრა, „დაო, ასმათ, ხიდნი ღზვასა ჩაგვიცვივდეს, ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ, ვისიცა ცეცხლი გვწვიდეს, “ ესე ჰსთქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გადმოჰსწვიმდეს, ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანეთსა სისხლი ჰსწმინდეს.

222. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა; ერთმანერთსა ეხვევოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა, იზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა, ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

223. სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა, ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა, მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა; შინა შევიდეს, მას დღესა გარდაჰხდა გამოსრულობა.

224. ავთანდილს უკვირს, – “ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?” გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა; შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა, შეჰკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

225. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასრე ესჯდა. ქალი სტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შესჯდა, ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლავ უფრორე დაიღრესჯდა.

226. ავთანდილ ახლოს კვლავ ჰნახა სახე მისივე კაცისა, ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, “ნუ თუ მზეაო”, სთქვა, “ცისა?” ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა, ასრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

227. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეიარა, შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა; ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა, სთქვა თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

228. “აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო? ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო; ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო, მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არცა მას დავასობინო”.

229. ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული, ზედა შესსჯდა, გაემართა, ქვაბი დაჰხვდა კარ-განხმული; მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული, ეგონა თუ, დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.

230. ვერ იცნა, სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა; ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა. ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა, ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.

231. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე, მიდამო ძრწებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა, ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

232. ეტყოდა: “ჰსულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი; უფერო ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი; მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი? სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი”.

233. ქალი ეტყოდა ტირილით:– სარჩელი უგავს ბჭობასა – “თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა; აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა; ცუდად ნუ სცდები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა”.

234. კვლავ ეტყვის: “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა? მაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა; შენ ერთხელ მეტყვი: “მითხარო”, მე ასჯერ გითხრობ: “ვერასა”; ვითა სიცილი ტირილსა, მიჯობს ვაგლახი მღერასა”.

235. “ქალო, არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან! ოდიდგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენია; შენ მიპოვნიხარ; სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან, ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან”.