ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

375. ავთანდილ ყურსა უპყრობდა ამბავსა საამებელსა, ეტყვის თუ:” ლომო, ნეტარძი ყოველსა შენსა მხებელსა! მე გავახარო, რა ვკადრო ჩემთა სახმილთა მდებელსა; ღმერთი არ მომკლავს, მგონია, თქვენზედ ვალ- დაუდებელსა.”

376. რაღაა იგი სიცოცხლე, ვინ არ ა შენდა ყოფილი! ღვარი გამრავლდა ცრემლისა, ბაღს არ აშენდა ყოფილი. გულსა ქვად ქმქნილსა დანისა, ვით არა შენდა ყოფილი. შვიდთა მნათობთა სინათლე გაქვს არა შენდა ყოფილი .

377. კვლა ასმათს ჰკადრა:” ვიციმცა, გული ცეცხლთაგან მურია; მაგრამ სრულ უქმენ ამბავნი, ესე ყმა მონასურია; ამასცა სჭირან პატჟნი, ვერ არის აქა მდგმურია, ადრე წავიდეს, გარგოს რა, ჰქნას საქმე მოძმეურია.”

378. ტარიელ დენად ცრემლისა კვლავ გაამრავლა მილები, რა მოაგონდის მოყვარე და ეეღნი წახდომილები; ვარდსა ასველებს, ინდოთა რაზმი ჩანს დავრდომილები: ეგრევე შენ ხარ, სიცოცხლე, გული რაზომცა მილები!

379. “აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია; გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია! ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია, მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია”.

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა

380. ტარიელს თვალნი სისხლისა ცრემლითა დაღამებიან. თქვა: “ნახვისაცა უღირსსა,ვისგან სახმილნი მებიან, უმისოდ ძმანი რად მძმობენ, ანუ რად დანი მდებიან! აწყა ვახსენებ დღესა მას, ოდითგან ცეცხლი მდებიან.”

381. კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა: “დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა; მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ხელი ხელსა დამიჭირა;. მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?!

382. “მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა; გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა, ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

383. “ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა: მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

384. “ზღუდედ მოვლიდა ზურმუხტი, ხე ალვა დარიგებითა; მეფე გარდახდა მუნ, სადა კოშკად ფარაზი გებით ა შიგნით შევედით, სრა დაგვხვდა, მოცული ფარდაგებითა. მაშინ ნასობთა ლახვართა, სულნო, ვით დაუდგებითა!“

385. “ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა, მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა; ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა. ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

386. “ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა; ქალსა შევხედე, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა, მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა. ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

387. “აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი”, მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი; ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი. ჭმუნვით თქვეს: “მკლავნი ცუდ-ქმნილან, ვაი, გმირთა მემუქარენი!”

388. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა დარია: დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია, თქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

389. “მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან; იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან; ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან.

390. “დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა, დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა, რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა; გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

391. “შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა. მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

392. “მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია; ცრემლით მითხრა: “შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ ღა, სიტყვა თქვია!” მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია; კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

393. “სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემო მცვიდიან; მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან; მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან. სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.