ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

273. “გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩუენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მქუიან, რომელსა წვა მჭირს ცეცხლისა ცხელისა, სულ თქვა სულ თქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

274. “ამის მეტსა ვერას გითხრობ სხუა ამბავსა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა, ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა ჴორცსა მისგან მონატანსა, აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

275. “ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხუაგან არსად არო; რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვითა მოვაგვარო; ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყუარო, თჳთ გიამბოს საქმე მისი, საყუარელსა გაახარო”.

276. ქალსა ყმამან მოუსმინა, დამორჩილდა, დართო ნება. ამა ზედა მოიხედნეს, ჴევით ესმა ჩხაპუნება; მთუარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოვანება, უკუ რიდეს და აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

277. ქალმან უთხრა: მოგცა, ყმაო, ჟამად, ღმერთმან რაცა გინა, მაგრა თავი უჩინო ჰქენ, დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ჴორციელი არავინა; ნუთუ ვითა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

278. ავთანდილ ქუაბსა დამალა ქალმან მალვით მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა, შვენოდა კაპარჭ ჴრმალითა, ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესრთავითა, ავთანდილ სარკმლით უჭურეტდა ჭურეტითა იდუმალითა.

279. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეჴსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყუანა მან; დადუმდეს, ცრემლნი მოჰკუეთნა შავმან გიშრისა დანამან.

280. ავთანდილ სარკმლით უჭურეტდა, ტყუე, საკნით ნააზატები. მან ქალმან ქუეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მაზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქუამს ჭირ მონამატები, სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

281. მან ქალმან ჴელჰყო კუესითა გზება ცეცხლისა ნელისა, ეგონა ჭამა ჴორცისა შემწურისა, შეუქმნელისა; მიუპყრა, ერთი აჴლიჩა, ქნაა საქმისა ძნელისა, ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

282. ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი; შეჰკრთა, დიდი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი, იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი. ცალკე ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენაჭურეტი.

283. “რად დაბრუნდი? — მოაჴსენა, — “მითხარ, რაცა წაგეკიდა!” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყუეს ლაშქარნი უთუალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, იფანჩოდა მარეკი და.

284. “სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე: არ მივეო ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე, მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე.” დღეს ნუთუმცა უკუ მრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე”.

285. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდეს ას ნაკეცნი, ბევრის ბევრად. მოაჴსენა: “მჴეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად; მას მაგითა ვერა არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად?

286. “ყოვლი პირი ქუეყანისა ერთობ სრულად მოგივლია. ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია? გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია. შენ მოჰკუდე და იგი წაჴდეს, ესე შენთჳს რა მადლია!”

287. უბრძანა: “დაო, ეგეა მგზავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქუეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალ აქუს პოვნა კაცისა, თჳთ სოფლად არ მოსრულისა ჩემი ლხინია სიკუდილი, გაყრა ჴორცთა და სულისა.

288. “ღმერთმან სხუამცა ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი რად დაბადა, სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა? შენგან კიდე ჴორციელი, დაო, მივის არასადა”.

289. ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია; რადგან, ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ, უკეთესი, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო, ზომსა თავი გარდგიჴდია.

290. “მისი მძებნელი იყომცა ჭკუითა მეტის მეტითა; შენ კაცთა ნაცულად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა; სჯობს, ერთი კაცი იახლო, ილხენდე მისით ჭურეტითა. ვით იადონი არ მოჰკუდე ბულბულოს თესლთა კუნეტითა.”

291. ყმამან უთხრა: “რას მენუკევ, არა ვიცი, გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! გაღანამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიჴადე”.

292. ქალმან კულა ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყუეს თავისა ნებითა, იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა, ჰფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ-სავნებლისა ვნებითა”.